გოგი მეშველიანი - ბოლნისში ვითარება არის მშვიდი, მოქალაქეთა უმრავლესობას ესმის, რომ ყველაფერი მათი ჯანმრთელობისა და სიცოცხლის გადასარჩენად კეთდება
პრაქტიკულად სპეციალური საშვის გარეშე მუნიციპალიტეტის ტერიტორიიდან გასვლა და შემოსვლა არის შეზღუდული, – ამის შესახებ ბოლნისის მაჟორიტარმა დეპუტატმა, გოგი მეშველიანმა საქართველოს პირველ არხთან საუბრისას განაცხადა.
გოგი მეშეველიანმა რეგიონში შექმნი სიტუაციაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ვითარება არის მშვიდი, მოქალაქეთა უმრავლესობას ესმის, რომ ეს ყველაფერი კეთდება მათი ჯანმრთელობისთვის.
„საკარანტინო მკაცრი ზომების გამოცხადების შემდეგ რეგიონის ამ ორი მუნიციპალიტეტის ტერიტორია არის სრულად კონტროლის ქვეშ აყვანილი. პრაქტიკულად სპეციალური საშვის გარეშე მუნიციპალიტეტის ტერიტორიიდან გასვლა და შემოსვლა არის შეზღუდული. მთლიანობაში ვითარება არის მშვიდი, მიუხედავად იმისა, რომ გარკვეულ მოქალაქეებს დისკომფორტი შეექმნათ ამ ვითარებიდან გამომდინარე, მაინც აბსოლუტურ უმრავლესობას ესმის, რომ ეს ყველაფერი კეთდება მათი ჯანმრთელობის და სიცოცხლის გადასარჩენად, შესაბამისად, რაიმე განსაკუთრებულ დაძაბულობას ან ექსცესებს ადგილი არ ქონია,
თვითმართველობა და ჯანდაცვის ორგანიზაციები აქტიურად მუშაობენ მოსახლეობასთან, ფორმირებულია ჯგუფები, რომლებიც სათანადო ეკიპირებას მიიღებენ უახლოეს პერიოდში და დაიწყებენ აქტიურ შემოწმებას ჩვენი მოქალაქეების. შესაბამისად მომზადებულია საკარანტინო სივრცეებიც და სივრცეები იმისათვის, რათა საეჭვო ნიშნების გამოვლენის შემთხვევაში ეს ადამიანები იქნენ გადაყვანილები, იზოლირებული და ჩაუტარდეთ სათანადო მკურნალობა.
წამოიჭრება ხოლმე გარკვეული საკითხები სხვადასხვა ლოჯისტიკურ პრობლემებთან დაკავშირებით, მათ შორის ჩვენს საწარმოებს ჰქონდათ დღის განმავლობაში გარკვეული საკითხები მოსაგვარებელი, თუმცა ძალიან ოპერატიულად, სოფლის მეურნეობის სამინისტროს, გუბერნატორის, შსს-ს, ასევე პრემიერის მრჩეველის, სოზარ სუბარის ჩართულობით პრაქტიკულად ყველა საკითხი წყდება ძალიან ოპერატიულად და შეიძლება ითქვას, რომ ამ მომენტამდე არ გვქონია რაიმე საკითხი, რომელმაც ამა თუ იმ მიმართულებით რაიმე შეფერხება გამოიწვია.
ასევე ხდება მძიმედ, საოპერაციოდ გამზადებული პაციენტების ტრანსპორტირებაც, ესეც სპეციალური საშვის დაშვების შემთხვევაში და ამ მიმართულებითაც ძალიან ოპერატიულია რეაგირება.
დღეს პირველი დღეა შესაბამისად, პირველი დღის მღელვარება შეიძლება ითქვას, გადავლახეთ, ხვალიდან ველოდებით, რომ კიდევ უფრო დალაგდება და დაიხვეწება ლოჯისტიკური საკითხები, მათ შორის იმ მაღაზიებისთვის, რომლებსაც აქამდე მომარაგება ჰქონდა თვითუზრუნველყოფის პრინციპით. ჩვენ გვაქვს აქტიური კომუნიკაცია სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან და ვფიქრობთ, მათი დისტრიბუცია მომარაგება მოხდება საერთო პრინციპით და ამ შეზღუდულ რეჟიმში მათი გაშვება საკარანტინო ზონიდან ვერ მოხერხდება, ამიტომ მოუწევთ გარკვეული გადაწყობა ახალ პრინციპებთან დაკავშირებით“, – განაცხადა გოგი მეშველიანმა.
დეპუტატის მოქალაქეებს მოუწოდებს განსაკუთრებული ყურადღება გამოიჩინონ შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე.,
„მთლიანობაში, დღეს რასაც ვხედავ ჩვენი მოქალაქეები შეგნებით უდგებიან ამ ვითარებას თუმცა მაინც მაქვს სურვილი ვთხოვო მათ, რომ განსაკუთრებული ყურადღებით, გაგებით მოეკიდონ ამ ვითარებას, რადგან რაც არ უნდა განახორციელოს მთავრობამ, ადგილობრივმა თვითმართველობამ, ჩვენმა სამედიცინო სექტორმა, არაფერს ექნება შედეგი, თუ არ იქნება მოქალაქეების მხრიდან აქტიური თანამშრომლობა და კეთილგანწყობითი დამოკიდებულება ამ საერთო პრობლემის წინააღმდეგ. მე იმედიანად ვარ განწყობილი, რადგან ძალიან კონკრეტული გეგმით მიმდინარეობს მუშაობა. ძალიან მოტივირებულია როგორც თვითმმართველობა, ასევე ცენტრალური ხელისუფლების და სამედიცინო სექტორის ის თანამშრომლები, რომლებიც ჩართული არიან ამ პროცესში“, – განაცხადა გოგი მეშველიანმა.
მისივე თქმით, რაც შეეხება სპეციალურ საშვებს ეს ვრცელდება პირველ რიგში იმ ადამიანებზე, ვისაც უწევთ სადისტრიბუციო მომსახურება სურსათის შემოტანა რეგიონში, ასევე სამედიცინო სფეროს იმ წარმომადგენლებზე, რომლებიც ემსახურებიან საკარანტინო ზონებს, ყველა სხვა შემთხვევაში ჩვენს რეგიონში გადაადგილება არის შეუძლებელი, მე ვახსენე ასევე კიდევ ერთი შემთხვევა, როდესაც სასწრაფოდ საოპერაციო პაციენტი იყო გადაყვანილი რეგიონიდან.
საკარანტინო ზონებს რაც შეეხება, მეშველიანის ინფორმაციით, ბოლნისიდან ჯერჯერობით არავინ არ გადაუყვანიათ.
„თუმცა გვაქვს ერთი შემთხვევა მაღალი ტემპერატურის. ეს არის არასრულწლოვანი, რომელიც განთავსებულია ერთ-ერთ კლინიკაში, გვაქვს შესაბამისი კომუნიკაცია და ალბათ მისი კლინიკაში გადაყვანა მოხდება არასაკარანტინო სივრცეში“, – განაცხადა მეშველიანმა.