გოგი მეშველიანი - ბოლნისსა და მარნეულში სასურსათო უზრუნველყოფის საკითხების მოსაგვარებლად კონკრეტული გეგმა დაისახა
სასურსათო უზრუნველყოფის კუთხით ძალიან მოქნილი გადაწყვეტილებები მივიღეთ, – ამის შესახებ ბოლნისის მაჟორიტარმა დეპუტატმა, გოგი მეშველიანმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
როგორც გოგი მეშველიანმა აღნიშნა, დღეს შეხვედრა გაიმართა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრ ლევან დავითაშვილთან, ასევე პრემიერ მინისტრის მრჩეველთან, სოზარ სუბართან და ქვემო ქართლის გუბერნატორთან, შოთა რეხვიაშვილთან. გოგი მეშველიანის ინფორმაციით, შეხვედრა მარნეულის ბლოკპოსტთან გაიმართა და ამ შეხვედრის მიზანი იყო სასურსათო უზრუნველყოფის საკითხების მოგვარება.
„გარკვეული ლოჯისტიკური პრობლემები წარმოიშვა, განსაკუთრებით სასოფლო დასახლებებში, იმ ადგილებში, სადაც თვითმომარაგებით იყვნენ დაკავებულები და ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ სადისტრიბუციო ქსელების მეშვეობით მოხდება ცენტრალიზებული ბაზის მომარაგება ქალაქში, საიდანაც უკვე მოხდება ლოჯისტიკური განაწილება სოფლებში. ამ შეხვედრის ფარგლებში ასევე გადაწყდა, რომ ყველა შემომავალი მანქანა სპეციალური დაცვის საშუალებებით და დეზინფექციით რომელიც იქნება ჩართული ამ სქემაში, შეუფერხებლად შემოვა მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე. ასევე ამ შეხვედრის ფარგლებში განხილული იქნა ჩვენი საწარმოების მიერ წარმოებული პროდუქციის გატანის საკითხი და აქაც პრინციპში იგივე სქემა იმოქმედებს, ანუ იმ პროდუქციის გატანა მოხდება სხვა რაიონში მაცხოვრებელი და რეგისტრირებული ტრანსპორტის მიერ, რათა მაქსიმალურად იქნას შემცირებული შესაძლო რისკები. მიმაჩნია, რომ კარგი გადაწყვეტილებებია და ჩვენ ახლა სამუშაო რეჟიმში შევიკრიბებით იმ ადამიანებთან ერთად, რომელმაც უნდა ააწყოს ეს სისტემა. ჩვენ ვფიქრობთ, რომ უკვე ხვალიდან შესაძლებელი იქნება იმ პატარ-პატარა ხარვეზების აღმოფხვრა, რაც ჩვენი სოფლებისათვის სასურსათო უზრუნველყოფაში გვქონდა. ძალიან მოქნილი გადაწყვეტილებები იქნა მიღებული და ჩვენ მიგვაჩნია, რომ არანაირი პრობლემები სურსათის უზრუნველყოფაში ჩვენს მუნიციპალიტეტში არ იქნება“, – განაცხადა ბოლნისის მაჟორიტარმა.