გოგი ალექსი-მესხიშვილს, ალექსანდრე კორსანტიასა და გიორგი შხვაცაბაიას შოთა რუსთაველის სახელობის, ხოლო გურამ დოჩანაშვილს ვაჟა-ფშაველას სახელობის პრემიები მიენიჭათ [ფოტო]
საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემიის ლაურეატები დააჯილდოვა. შოთა რუსთაველის პრემიის ლაურეატი თეატრალური ხელოვნების დარგში თეატრის ნომინაციაში მხატვარი გოგი ალექსი-მესხიშვილი გახდა, მუსიკალურ ნომინაციაში – პიანისტი ალექსანდრე კორსანტია. სახვითი ხელოვნების დარგში კი, რუსთაველის პრემიის ლაურეატია მხატვარი გიორგი შხვაცაბაია.
ალექსანდრე კორსანტიას შოთა რუსთაველის სახელობის პრემიის ლაურეატის წოდება მიენიჭა ლუდვიგ ვან ბეთჰოვენის, სერგეი რახმანინოვის, აარონ კოპლენდის ვარიაციებისა და მთელი შემოქმედებითი მოღვაწეობისთვის; გოგი ალექსი-მესხიშვილი – სპექტაკლი „შობის მეთორმეტე ღამე ანუ როგორც როგორც გენებოთ“ სცენოგრაფიისა და მთელი შემოქმედებითი მოღვაწეობისთვის; გიორგი შხვაცაბაია – გმირთა მემორიალისა და მთელი შემოქმედებისთვის.
რუსთაველის პრემიის ლაურეატების გარდა, გიორგი მარგველაშვილმა ვაჟა-ფშაველას სახელობის პრემიით მწერალი გურამ დოჩანაშვილი დააჯილდოვა. გურამ დოჩანაშვილს ვაჟა-ფშაველას სახელობის პრემიის ლაურეატის წოდება მიენიჭა „ბრმადყოფილზე. და… “ ასევე, მთელი შემოქმედებითი მოღვაწეობისთვის.
დღესვე, საქართველოს ეროვნული პრემია საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის აკადემიკოსს ერეკლე გამყრელიძეს და მედიცინის მეცნიერებათა დოქტორ ბესიკ იაშვილს მიენიჭა.
შოთა რუსთაველის პრემია სამ წელიწადში ერთხელ ხუთ ნომინაციაში გაიცემა. თუმცა, პრემია წელს ხუთი წლის შემდეგ პირველად გაიცა. ამასთან, სპეციალურმა კომისიამ წელს რუსთაველის პრემია ფარული კენჭისყრის გზით, მხოლოდ სამ ნომინაციაში გასცა და ლიტერატურისა და კინოს დარგში ლაურეატები ვერ გამოავლინა.