სააპელაციო სასამართლოში გოგა ხაინდრავასა და ეკა გიგაურის საქმის განხილვა გადაიდო
სააპელაციო სასამართლოში გოგა ხაინდრავასა და ეკა გიგაურის საქმის განხილვა გადაიდო

თბილისის სააპელაციო სასამართლოში გოგა ხაინდრავასა და გურამ ადამაშვილის წინააღმდეგ „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ აღმასრულებელი დირექტორის, ეკა გიგაურის სარჩელის განხილვა 13 დეკემბრამდე გადაიდო. მიზეზი მოსამართლეთა კოლეგიის დაუკომპლექტებლობაა.

„როგორც მოსამართლემ განგვიმარტა, კოლეგიის მესამე წევრი, მოსამართლე ვერ იპოვეს, რომ შემადგენლობა შეკრებილოყო და დღეს დაწყებულიყო განხილვა. შესაბამისად, კიდევ გადაიდო პროცესი და უკვე მეოთხე წელია, ველოდებით სასამართლოს გადაწყვეტილებას ამ საქმესთან დაკავშირებით. ეს ხელს აძლევს ფორმალურ და არაფორმალურ მმართველებს, კიდევ ერთხელ ცილი დასწამონ ქალბატონ ეკას, მისი ღირსების, პატივისა და საქმიანი რეპუტაციის შემლახავი განცხადებები გააკეთონ, ომ არამარტო ქალბატონი ეკა, არამედ მთლიანად „გამჭვირვალობა“ ახორციელებს ისეთ საქმიანობას, რომელიც თავის მხრივ შეიძლება, მთლიანად არასამთავრობო ორგანიზაციის დისკრედიტაციისკენ იყოს მიმართული“ ,- განაცხადა თეონა ზაქარეიშვილმა.

თბილისის სააპალაციო  სასამართლოში  პროცესის გადადების შემდეგ, კიდევ ერთი კომენტარი გააკეთა რეჟისორმა გოგა ხაინდრავამ და ეკა გიგაური ცილისწამებაში დაადანაშაულა.

„ცილისწამებაა, რაც გააკეთა გიგაურმა ყალბ მოწმობებთან დაკავშირებით, როდესაც სახელმწიფოს დააბრალა, თითქოს ყალბ მოწმობებს აკეთებდა წინასაარჩევნოდ. ცილისწამებაა ის, რაც „მერსედესის“ ცენტრთან დაკავშირებით ასათიანების ოჯახს შეხვდა გიგაურისგან. საბუთები და ბრძანებები დევს საქმეში, რომ ყველა ის ადამიანი მონაწილეობდა საქმეში, ეს ადამიანები იყვნენ დაჯილდოებულები ბადრი ბიწაძისა და ეკა გიგაურის მიერ. ეს არის დამტკიცებული, შესაბამისი საბუთები დევს საქმეში. მთელი მათი საქმიანობა არის სიცრუე და ცილისწამება, რადგან „ნაციონალური მოძრაობა“ არიან, იმ ფესვებიდან მოდიან და დღესაც იმ ფესვით იკვებებიან. ეს არის რეალობა და ამ რეალობას ვერსად გაექცევიან, ვერც სააპელაციო სასამართლოში, ვერც უმაღლეს სასამართლოში და ვერც სტრასბურგში. ეს სიმართლე ყველგან დახვდებათ, რადგან მატყუარები და ცილისმწამებლები არიან“ ,- აღნიშნა გოგა ხაინდრავამ.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ დირექტორმა, ეკა გიგაურმა რეჟისორ გოგა ხაინდრავასა და არასამთავრობო ორგანიზაცია „პოზიცია“-ს  ხელმძღვანელ გურამ ადამაშვილს პატივის, ღირსებისა და საქმიანი რეპუტაციის შელახვისთვის უჩივლა.

მოსარჩელე მხარის განმარტებით, საქმე ეხება 2014-2015 წლებში ხაინდრავასა და ადამაშვილის მიერ სატელევიზიო ეთერით გაკეთებულ განცხადებებს. მოპასუხეებმა ეკა გიგაური დაადანაშაულეს 2007 წლის ნოემბრის აქციების ძალისმიერი მეთოდით დაშლის წახალისებაში.

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ქეთევან კუჭავამ ეკა გიგაურის საჩივარი არ დააკმაყოფილა. მოსამართლის განცხადებით, მოცემულ შემთხვევაში, სადავო განცხადებას არ გააჩნია ცილისწამებად კვალიფიკაციის ელემენტი. სასამართლომ გიგაურის მისამართით გაკეთებული განცხადებები ჩათვალა შეფასებით მსჯელობად და აზრის გამოხატვად. ეკა გიგაურმა საქალაქო სასამართლოს ეს გადაწყვეტილება სწორედ სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა.