გოგა ხაინდრავა - ყალბ პირადობებზე წინა დღეს კაპიტანმა გიგაურმა ისაუბრა, მეორე დილას - სარიუშ ვოლსკიმ, სწორედ ამისთვის იყო გაკეთებული
გოგა ხაინდრავა - ყალბ პირადობებზე წინა დღეს კაპიტანმა გიგაურმა ისაუბრა, მეორე დილას - სარიუშ ვოლსკიმ, სწორედ ამისთვის იყო გაკეთებული

ყალბ პირადობებზე წინა დღეს კაპიტანმა გიგაურმა ისაუბრა, მეორე დილას – სარიუშ ვოლსკიმ, სწორედ ამისთვის იყო გაკეთებული,  – ამის შესახებ მოძრაობის „მე ვიცავ თავისუფლებას“ წევრმა გოგა ხაინდრავამ რუსთავში ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრაზე განაცხადა.

მისი თქმით, არასამთავრობოებმა ეს თემა შეგნებულად გააჟღერეს, რომ შემდეგ ევროკავშირში დაგეგმილ შეხვედრაზე სარიუშ ვოლსკის ამ საკითხზე ესაუბრა.

როგორც ხაინდრავამ აღნიშნა, სარიუშ ვოლსკი ის პოლიტიკოსია, რომელმაც პოლონეთის კანონმდებლობა დაარღვია და მიხეილ სააკაშვილს პოლონეთი-უკრაინის საზღვრის გავლით უკრაინაში შეუძღვა.

„სარიუშ ვოლსკიმ თქვა, რომ საქართველოში ყალბდება არჩევნებიო, საქართველოში იბეჭდება ყალბი პირადობებიო, უკვე როგორც ფაქტი, ისე თქვა. წინა დღეს გამოაცხადა კაპიტანმა გიგაურმა ამის შესახებ და მეორე დილას უკვე იმან განაცხადა, მაგისთვის იყო გაკეთებული. ესენი ამ ქვეყანას ებრძვიან, ესენი ჩვენგან კი არ იღებენ ფულს, იქიდან იღებენ, სადაც დავალებებს აწვდიან და მერე ასრულებენ კიდეც ამ დავალებებს“, – განაცხადა გოგა ხაინდრავამ.

როგორც მოძრაობის „მე ვიცავ თავისუფლებას“ წევრმა სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, არასამთავრობოებს ქართული საზოგადოება ისეთი უგუნური ჰგონიათ, რომ ფიქრობენ ამ ტყუილს დააჯერებენ.

„რამდენიმე დღის წინ, გამოვიდა სამი არამზადა და განაცხადა, რომ თურმე იუსტიციის სამინისტროში იბეჭდება ყალბი პირადობის მოწმობები, თან თქვეს, რომ წყარო გვყავსო, მერე აღმოჩნდა, რომ არ იყო, მერე რაღაც კრება უნდა ყოფილიყო, თურმე ის კრებაც არ ყოფილა. ის ახალგაზრდა კაცი, რომელიც სათავეში უდგას ამ უწყებას, თურმე საქართველოში საერთოდ არ ყოფილა ამ დროს.

ვფიქრობდი, რომ აღარაფერი მიკვირს „რუსთავი 2“-ისგან, არაფერი მიკვირს იმ შხამკომბინატისგან. სხვა ტელევიზიებს ყოველთვის ვეუბნებით, რომ ეშმაკს ეშმაკობაში ნუ ეჯიბრებით, ის ეშმაკია, პირდაპირ ზის და ყოველდღიურად წამლავს ჩვენს საზოგადოებას. იმათგან აღარაფერი მიკვირდა, მაგრამ გამიკვირდა, რომ ასეთი მოკლე ტყუილი თქვეს. ასეთი უგუნური ჰგონია ქართული საზოგადოება ამ სამ არსებას, რომ ასეთ ტყუილს ამბობენ. აღმოჩნდა, რომ ეს ჩვენთვის არ იყო ნათქვამი. ეს საქართველო-ევროკავშირის ახალი ფორმატის შეხვედრის წინა დღეს სპეციალურად თქვეს“, – განაცხადა გოგა ხაინდრავამ.