გოგა ხაინდრავა - ვაფრთხილებ „ტვ პირველის“ მფლობელ მამა-შვილ წერეთლებს, ხაზარაძეს, ჯაფარიძეს, ჭყონიას, ნებისმიერი ძალადობრივი აქტი ჩემი ოჯახის წინააღმდეგ იქნება პასუხგაცემული და პასუხი იქნება ძალიან მძიმე
მინდა, მივმართო „ტვ პირველს“, მის ხელმძღვანელებს, რასაც გრიგოლია და მელია ჩადიან, ეს არის ადამიანის უფლების ძალიან მძიმე დარღვევა, ფსიქოლოგიური ტერორი, ეს არის წინასწარ ორგანიზებული ოპერაციები და ვპირდები, რომ ძალიან მძიმე პასუხს აგებენ, – ამის შესახებ რეჟისორმა, გოგა ხაინდრავამ დღევანდელ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
როგორც გოგა ხაინდრავამ აღნიშნა, ორი დღის განმავლობაში მისი ოჯახის წინააღმდეგ მიმდინარეობს ძალადობა და ფსიქოლოგიური ტერორი.
„გუშინ ტერორი განხორციელდა ჩემს სახლში.ზონდერჯგუფები, რომლებიც ჟურნალისტიკას არიან მოფარებული, მიუხედავად იმისა, რომ იცოდნენ სახლში არ ვიყავი, რადგან ჩემთან ჰქონდათ სატელეფონო კომუნიკაცია არაერთჯერადი, მაინც მივარდნენ ჩემს სახლში. ააწიოკეს ჩემი ოჯახი, მეუღლე, ქალიშვილი და მცირეწლოვანი შვილიშვილი. მიაყენეს ფსიქოლოგიური ტრავმა ჩემს მეუღლეს და შვილიშვილს. მიუხედავად იმისა, არაერთხელ განემარტათ, რომ მე სახლში არ ვიყავი და სთხოვეს, წასულიყვნენ, დაენებებინათ ოჯახისთვის თავი, ეს არ გააკეთეს. ორი საათის განმავლობაში ცდილობდნენ ჩემს ოჯახში შეღწევას. ჩემი შვილი გამოვიდა და სთხოვდა, რომ დაენებებინათ თავი. მიუხედავად ამისა, ეს ტერორი არ გაჩერდა, დღეს ეს ტერორი გაგრძელდა ჩემი შვილის ოჯახზე, რომელიც სოფელში ცხოვრობს, იქ მიუვარდნენ.
მე არ ვარ საჯარი მოხელე, პოლიტიკოსი, არც ერთი პარტიის წევრი, არ ვარ ჩართული საარჩევნო კამპანიაში, არანაირი კავშირი არ მაქვს არც ერთ პოლიტიკურ პარტიასთან და ორგანიზაციასთან. მე ვარ კერძო პირი, ამიტომ არანაირი თმენის ვალდებულება არ მაქვს. მინდა, მივმართო „ტვ პირველის“ ხელმძღვანელებს, რასაც გრიგოლია და მელია ჩადიან, არის ადამიანის უფლების ძალიან მძიმე დარღვევა, ეს არის ფსიქოლოგიური ტერორი, რომლის შედეგად ხდება ადამიანის ჯანმრთელობის განზრახ დაზიანება. მინდა, მივმართო მათ მფლობელებს, მფარველებსა და დამფინანსებლებს. ესენი არიან მამა-შვილი წერეთლები, მამუკა ხაზარაძე, ბადრი ჯაფარიძე და თემურ ჭყონია. მინდა, მათ ვუთხრა, რომ კიდევ ერთხელ თუ განმეორდება მსგავსი ქმედება ჩემი ოჯახის მიმართ, მე ამას ჩავთვლი, როგორც აგრესიულ აქტს. ისინი, ხუთივე ძალიან კარგად მიცნობენ, ამიტომ კარგად გაიაზრებენ, რა პასუხს მიიღებენ ისინი ჩემგან, ჩემი ჯახის წინააღმდეგ აგრესიული აქტის ჩატარების გამო. კარგად დაფიქრდნენ, ვიდრე მათი ზონდერჯგუფები კიდევ ერთხელ გაბედავენ ჩემი ოჯახში, ჩემს კერძო სივრცეში შეჭრას“, – განაცხადა ხაინდრავამ.
გოგა ხაინდრავა მიმართავს დიპლომატიურ კორპუსს, რომ დაიცვან მისი ოჯახის უსაფრთხოება.
„ომბუდსმენი საქართველოში არ არსებობს, ისეთივე ტერორისტია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ლომჯარია, როგორც არის გიგაური და მთელი ეს ფსევდო არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც ემსახურებიან მოძალადე და ტერორისტულ ორგანიზაციებს, ქართულ თალიბანს, „ნაციონალურ მოძრაობას“ და მის გარშემო მოტრიალე ყველა ვითომ პოლიტიკურ პარტიებს. მინდა, მივმართო დიპლომატიურ მისიებს. მინდა, გაგახსენოთ ერთი ფაქტი, როდესაც აშშ-ის ელჩი კელი დეგნანი ძალიან დიდი გულმოდგინებით იცავდა ვახო სანაიას ოჯახის უსაფრთხოებას, მის უფლებებს. მინდა, ვკითხო ქალბატონ კელი დეგნანს, მხოლოდ და მხოლოდ პრივილეგირებულ ადამიანებს იცავს, თუ მეც შეიძლება მქონდეს იმედი, როდესაც სახლში არ ვიქნები, მეუღლის, მცირეწლოვანი შვილიშვილისა და ქალიშვილის უფლებები, უსაფრთხოება იქნება დაცული მისი მხრიდან, ისეთივე გულმოდგინებით, როგორსაც ვხედავდით სანაისთან მიმართებაში. ასევე, მივმართავ ყველა მისიას, პოლიტიკური ტერორი და მედიატერორი საქართველოში უნდა შეწყდეს. რაც ხდება, ეს არის ფსიქოლოგიური ტეროტრი, ის აზიანებს ადამიანების ჯანმრთელობას, ოჯახის სიმყუდროვეს. ყველაზე დიდი ღირებულება არის ადამიანი და მინდა გითხრათ, მზად არის თუ არა ქალბატონი დეგნანი, რომ ჩემი ოჯახის ადამიანური უფლებები იყოს დაცული. არ მეშინია პასუხისმგებლობის, პირველივე ადამიანი, ვინც გაბედავს აგრესიულ აქტს ჩემი ჯახის წინააღმდეგ, ისეთ პასუხს მიიღებს, რომ თავისი დაბადების დღე ცუდად გაახსენდება.
ვაფრთხილებ მამა-შვილ წერეთლებს, ხაზარაძეს, ჯაფრიძეს, ჭყონიას და ყველას, ნებისმიერი ძალადობრივი, ფსიქოლოგიური აქტი ჩემი ოჯახის წინააღმდეგ იქნება პასუხგაცემული და პასუხი იქნება ძალიან მძიმე. მანამდე ამას აკეთებდნენ „მთავარი“, „ფორმულა“. ეს არ არის ტელევიზიები, ამას ჟურნალისტიკასთან არანაირი კავშირი არ აქვს. წითელი ხაზებს ნუ გადაკვეთენ“, – განაცხადა გოგა ხაინდრავამ.