გოგა ხაინდრავა - საზოგადოებრივ მაუწყებელზე არნახული შეტევაა, ამბობენ, რომ კრიზისშია, ნადგურდება, თუმცა მაუწყებელში აბსოლუტურად საპირისპირო სურათია
გოგა ხაინდრავა - საზოგადოებრივ მაუწყებელზე არნახული შეტევაა, ამბობენ, რომ კრიზისშია, ნადგურდება, თუმცა მაუწყებელში აბსოლუტურად საპირისპირო სურათია

საზოგადოებრივ მაუწყებელზე არნახული მასშტაბის შეტევა განხორციელდა, რადგან საზოგადოებრივი მაუწყებელი არის პოტენციაში დამოუკიდებელი ინსტიტუცია, რომლის სათავეშიც არ დგას მწვანე სიმბოლო, დოლარი, ლარი, მანეთი, ან იენი და მის წინაშე მდგარი პასუხისმგებლობა არ არის კავშირში ფულთან, – ამის შესახებ რეჟისორმა გოგა ხაინდრავამ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

როგორც გოგა ხაინდრავამ აღნიშნა, საზოგადოებრივ მაუწყებელს დღეს უტევს კაპიტანი გიგაური, უტევს ე.წ. იურისტთა ასოციაციები, რომლებიც არასამთავრობოებს უწოდებენ საკუთარ თავს.

„საზოგადოებრივ მაუწყებელზე არნახული მასშტაბის შეტევა განხორციელდა, რადგან საზოგადოებრივი მაუწყებელი არის პოტენციაში დამოუკიდებელი ინსტიტუცია, რომლის სათავეშიც არ დგას მწვანე სიმბოლო, დოლარი, ლარი, მანეთი, ან იენი, პასუხისმგებლობა, რომელიც დგას მის წინაშე, არ არის კავშირში ფულთან. საზოგადოებრივ მაუწყებელს არავინ არ თხოვს ფულის შოვნას, ისე როგორც პატრონები თხოვენ საკუთარ ტელევიზიებს, რომლისთვისაც იყენებენ გამუდმებულ სკანდალებს, ჭორაობას, ცილისწამებას, რაც თითქოსდა საზოგადოების ყურადღებას იქცევს. ვინ უტევს საზოგადოებრივ მაუწყებელს? საზოგადოებრივ მაუწყებელს უტევს კაპიტანი გიგაური, ე.წ. იურისტთა ასოციაციები, ვინც არასამთავრობოებს უწოდებენ საკუთარ თავს. არ დარჩა არც ერთი გადაწყვეტილება, ესა თუ ის მნიშვნელობის საკითხი, რომელშიც არათუ ჩარეული იყვნენ, არამედ ყველაფერს ცდილობენ, რომ ზეგავლენა იქონიონ”, – აღნიშნა გოგა ხაინდრავამ.

მისივე თქმით, ეს ის არასამთავრობო ორგანიზაციები არიან, რომლებიც ყველაფერს აკეთებდნენ, რათა მოსმენების შესაძლებლობა ჰქონოდათ არა ქართველ სამართალდამცველებს, არამედ თურქულ და რუსულ კომპანიას, რაც სამარცხვინოა.

„ყველაზე ნიშანდობლივი და ყველაზე სამარცხვინო შემთხვევა ჩვენთვის იყო, როდესაც ეს კასტა ყველაფერს აკეთებდა, რათა მოსმენების შესაძლებლობა არ ჰქონოდათ ქართველ სამართალდამცველებს, არამედ ჰქონოდა თურქულ და რუსულ კომპანიას, ვგულისხმობ “ბილაინსა” და „ჯეოსელს”, – განაცხადა გოგა ხაინდრავამ.

მისივე თქმით, სწორედ ამ არასამთავრობოებმა დააყენეს საკითხი, რომ უნდა განადგურებულიყო არქივი სამარცხვინო ქმედების, რაც ჩადენილი ჰქონდა „ნაციონალურ მოძრაობას“ – წამება, არაადამიანურ მოპყრობა ციხეებში, მიყურადება.

„ამ ორგანიზაციამ, “ეს შენ გეხება” ყველაფერი გააკეთა, რათა იმ არქივის ნაწილი, რომელიც საქართველოში იყო, განადგურებულიყო. აქ არიან ჩემი კოლეგები, ოპერატორები, რომლებიც დაადასტურებენ, რომ პირველს რასაც აკეთებს ნებისმიერი პროფესიონალი, როცა მასალას გადაიღებს და ბრუნდება ტელევიზიაში, თუ კინოსტუდიაში, აკეთებს მასალის დუბლს, რომ არ გაფუჭდეს. ბუნებრივია, ის არქივები, ყველა იყო დუბლირებული. ვხედავთ, რომ ხან უკრაინაში, ხან სად, ხან სად ეს მასალები ზედაპირზე გამოდის. მე უკრაინაში შემომთავაზეს იმ მასალების ყიდვა, სადაც პირად ცხოვრებაში უხეში ჩარევა იყო დაფიქსირებული. ლაშა ტუღუში,  ნინო ლომჯარია, მაგათი ლიდერი კაპიტანი გიგაური, ყველაფერს აკეთებდნენ რომ ეს განადგურებულიყო”, – აღნიშნა ხაინდრავამ.

მისივე თქმით,  ეს ორგანიზაციები ამბობენ, რომ საზოგადოებრივი მაუწყებელი კრიზისშია, ნადგურდება, თუმცა მაუწყებელში აბსოლუტურად საპირისპირო სურათია.

„დღეს  მიდის შეტევა საზოგადოებრივ მაუწყებელზე, ამბობენ, რომ საშინელ კრიზისშია, ნადგურდება. აქამდე ხომ აყვავებული იყო კინწურაშვილის ან ჭანტურიას ხელში, პირდაპირ იმდენი სიკეთე მოჰქონდა საზოგადოებისთვის, რომ დავიღალეთ ამ სიკეთეებით. ახლა არის დიდი კრიზისი – ამ განცხადებებს აკეთებენ კაპიტანი გიგაური და მაგათი მოდგმა. ჩვენ ვხედავთ აბსოლუტურად საპირისპირო სურათს. ეს ტელევიზია მახსოვს 16 წლიდან და ასეთი ნიუსრუმი, როგორიც დღეს აქვს, არასოდეს ჰქონია მაუწყებელს. ვფიქრობ, რომ ბევრ წარმატებულ არხს დღეს ასეთი ნიუსრუმი არ აქვს. იმ გადაცემების ციკლი, რომელიც ახლა გადის მაუწყებელზე, მეტყველებს, რომ არხი ვითარდება. რამდენად შეძლებს ის თავისი ადგილის პოვნას, ეს სხვა საკითხია. საზოგადოებრივი მაუწყებელი არის ერთადერთი ინსტიტუცია, რომელსაც შეუძლია, გავლენა იქონიოს საზოგადოებრივი აზრის ჩამოყალიბებაზე, რომელსაც არავინ არ სთხოვს სიცრუეს, სიყალბეს გაუთავებელ სკანდალებს, რომლის მართვაც შეუძლია საზოგადოებას”, – განაცხადა გოგა ხაინდრავამ.