გოგა ხაინდრავა - სასამართლოს შევთავაზე, კაპიტან ეკა გიგაურის სასამართლოში მოყვანა უზრუნველყონ
თბილისის საქალაქო სასამართლოში „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ თავმჯდომარის ეკა გიგაურის სარჩელის განხილვა მოსარჩელე მხარის გამოუცხადებლობის გამო გადაიდო. მოსარჩელე მხარის ადვოკატებმა სასამართლოს შუამდგომლობით მიმართეს, სადაც საუბარია, რომ ერთი ადვოკატი მივლინებით გერმანიაში, მეორე კი ბათუმში იმყოფება.
ეკა გიგაური რეჟისორ გოგა ხაინდრავას ღირსების შელახვისთვის და ცილისწამებისთვის სამართლებრივ დასჯას და თანხის დაკისრებას ითხოვს. ხაინდრავას განცხადებით, გიგაური სხდომებს მიზანმიმართულად არ ესწრება.
როგორც გოგა ხაინდრავამ ჟურნალისტებს განუცხადა, სასამართლოს შესთავაზა, ეკა გიგაურის სასამართლოში მოყვანა უზრუნველყონ.
„კაპიტანი გიგაური არის სახე ქართული ფსევდოლიბერალიზმის, ცილისწამების, სიცრუის, სიბნელის, მიუხედავად იმისა, თითქოს, გამჭირვალე საზოგადოებას წარმოადგენს, სინამდვილეში პირიქითაა, ის ემალება ქართულ მართლმსაჯულებას, სამი წლის წინ შევიდა ეს სარჩელი და ამის მერე არ ყოფილა არცერთ პროცესზე. მინდა, სახალხო დამცველ ნინო ლომჯარიას მივმართო, რომელიც სიმართლეს უნდა იცავდეს, რომ მოიყვანოს მეგობარი, ძველი თანამშრომელი და თანამებრძოლი სასამართლოზე, რათა ქართულმა სასამართლომ და საზოგადოებამ გაიგონ სიმართლე, იმასთან დაკავშირებით, რაც ხდება. მინდა, ასევე მივმართო საზღვარგარეთ დაწესებულების ხელმძღვანელებს, ვინც პატრონობს რომ, კარგად გაეცნონ და გაიგონ, ვინ წარმოადგენს მაგათ საზოგადოებას საქართველოში. ვგულისხმობ იმ გამჭვირვალე ინსტიტუტს, რომელიც თითქოსდა სხვების გამჭვირვალობით არის დაკავებული.
პირველ რიგში, თავისი თანამშრომლის ბიოგრაფია, წარსული, კარიერული გზა ნახონ და მიხვდებიან, რომ აბსოლუტურად შეუფერებელი ადამიანია, ეს არის ადამიანი, რომელმაც გათელა ქართველი ხალხი ღირსება, როცა ჯალათებს, იმ ადამიანებს, ვინც სისხლში ჩაახშო ქართული დემოკრატიული მოძრაობა პრემიები გადასცა. აქამდე ეს იყო იყო ჩემი გონივრული ვარაუდი და ახლა ამას დავასაბუთებ მტკიცებულებებით. კაპიტანი გიგაური ცრუობს და მალავს თავის წარსულს, მე დავსვი სასამართლოს წინაშე ეს მოსაზრებაც, რომ უზრუნველყონ კაპიტან გიგაურის მოყვანა სასამართლოში. ის არ მოდის, იმიტომ, რომ კარგად იცის, რომ სიცრუეა, თითქოს მე მისი პატივი და ღირსება შევლახე, რაც შეუძლებელია, იმიტომ რომ იმისთვის რომ პატივი და ღირსება იყოს შელახული, ის პატივი და ღირსება უნდა არსებობდეს და ის არ არსებობს. ყველაზე ნათლად მასზე მეტყველებს ის 30 ვერცხლი, რაც მის სამსახურში მოითხოვა“, – განაცხადა გოგა ხაინდრავამ.
„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ დირექტორმა, ეკა გიგაურმა გოგა ხაინდრავას და გურამ ადამაშვილს პატივის, ღირსებისა და საქმიანი რეპუტაციის შელახვისთვის სასამართლოში უჩივლა. მოსარჩელე მხარის განმარტებით, საქმე ეხება 2014-2015 წლებში ხაინდრავასა და ადამაშვილის მიერ სატელევიზიო ეთერით გაკეთებულ განცხადებებს. მოპასუხეებმა გიგაურს ბრალად დასდეს 2007 წლის ნოემბრის აქციების ძალისმიერი მეთოდით დაშლა და წახალისება.
ეკა გიგაურის უფლებადამცველი სიმბოლურად, მორალური ზარალის ასანაზღაურებლად 30 თეთრს ითხოვს.
რეჟისორი გოგა ხაინდრავა აცხადებს, რომ აქვს ბრძანება, რომელიც ეკა გიგაურისთვის კაპიტნის წოდების ვადაზე ადრე მინიჭებას ადასტურებს. ხაინდრავას განცხადებით, კაპიტნის წოდება გიგაურმა 7 ნოემბრის აქციაში დარბევის გამო მიიღო. მისივე ხელმოწერით 7 ნოემბრის დარბევაში მონაწილე ბარისახოს მესაზღვრეები კი პრემიით დაჯილდოვდნენ. გიგაურის უფლებადამცველების თქმით, სასაზღვრო პოლიციას და ეკა გიგაურს 7 ნოემბრის დარბევაში მონაწილეობა არ მიუღიათ.