გოგა ხაინდრავა - საქართველოსთვის ზუსტად ის არის საფრთხე, რასაც დღეს გაბუნია-გვარამია, მათი ძმანი და დანი აკეთებენ
რეჟისორი გოგა ხაინდრავა დღეს ჟურნალისტის, გიორგი გაბუნიას საქმესა და სუს-ის მიერ რუსეთის მოქალაქე ვასამბეკ ბოკოვის დაკავებას გამოეხმაურა.
ხაინდრავა იმედოვნებს, რომ ფაქტს შესაბამისი უწყებები უმოკლეს დროში გამოიძიებენ და სახელმწიფოს მხრიდან მოჰყვება შესაბამისი რეაგირებაც.
როგორც გოგა ხაინდრავამ აღნიშნა, დაკავებული არ არის ჩეჩენი ეროვნების ადამიანი, ის არის ინგუში და ტენდენცია, ქართველებისა და ჩეჩნების დაპირისპირების, ძალიან სახიფათოა.
„ეს არის ორი სხვადასხვა ერი. ქართველებისა და ჩეჩნების დაპირისპირების ტენდენცია ძალიან სახიფათოა ჩვენთვის, რადგან ჩვენ და ჩეჩნები დიდი ხნის ახლობელი ერები ვართ და პანკისელი ქისტების საქართველოში ცხოვრება ამას ადასტურებს. რაც შეეხება ინგუშებს, ისინი ჩვენი ძმები არიან. ტერორიზმს არ აქვს ეროვნება. იმაზე ხაზის გასმა, რომ ის ჩეჩენია, თუ სხვა ეროვნება, ამას არავითარი მნიშვნელობა არ აქვს. თუ მას ეს დაუმტკიცდება, ის ტერორისტია. ჩვენ ჯერ დაზუსტებით არაფერი ვიცით, მხოლოდ ის მწირი ინფორმაცია გვაქვს, რაც მოგვაწოდა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა. ყველაფერი დანარჩენი არის გვარამია-გაბუნიას ფანტაზიები, მერე მათთან აყოლილი და მათთან გათანაბრებული „ტელებორდელების“. არავინ იცის, რა მოხდა ზუსტად. ეს არის დიდი საფრთხე, თუ ეს არის ტერორისტული აქტი, რომელსაც ამზადებდნენ, არავითარი მნიშვნელობა აქვს, ვის წინააღმდეგაა მომზადებული. ეს საფრთხეა ქართული საზოგადოებისთვის, რადგან, პირველ ყოვლისა, ის იწვევს დაუცველობის განცდას. ამას ემსხვერპლა არაერთი ადამიანი, ჩვენ ამის მოწმეები ვიყავით. ძალიან სახიფათო მოწინააღმდეგესთან გვაქვს საქმე. მესმის, რომ აქ არიან ადამიანები, რომლებიც ამ ხიფათს ებრძვიან ლაილაით ან შარვლის ჩახდით. ეს არ არის გზა. მეტსაც გეტყვით, რასაც დღეს გაბუნია-გვარამია და მათი ძმანი და დანი აკეთებენ, ზუსტად ეს არის საფრთხე საქართველოსთვის. როცა შენ, შენი ქვეყნის ტერიტორიიდან, შეურაცხყოფას აყენებ ისეთ საშიშ წარმონაქმნს, რომელსაც შენი ქვეყნის 20% ოკუპირებული აქვს და ყოველწუთიერად ვართ აგრესიის მსხვერპლნი, უნდა გესმოდეს ეს საფრთხე. თუ არ გესმის, უნდა გაითვალისწინო, რომ ჩვენი შვილებიც საფრთხეში არიან. არავინ იცის, რას იზამენ – სკრიპალები რომ მოიწამლნენ, მოიწამლა მთელი უბანი, როცა სახლები იყო აფეთქებული, უდანაშაულო ხალხი დაიღუპა. ტერორისტული აქტის ჩადენა თუ მოინდომეს, არავინ იცის, რა მეთოდს მიმართავენ აქ. ამიტომ, მარტო შენი თავიდან, ვიწროპარტიული ინტერესიდან არ უნდა გამოდიოდე, როცა მსგავს რაღაცებს აცხადებ. ეს არის უგუნურება და ეს არის მათი სახე. ეს საფრთხეს უქმნის მთელს ქართულ საზოგადოებას“, – განაცხადა გოგა ხაინდრავამ.
მისივე თქმით, გუშინდელი სპეცოპერაციის დროს კიდევ ერთი ადამიანის დაკავება მოხდა, რაც მიუთითებს იმაზე, რომ ქართულ სპეცსამსახურებს აქვთ უნარი, დანაშაული აიცილონ თავიდან.
„დაველოდოთ, რას გვეტყვიან. დარწმუნებული ვარ, გამოძიება არის საერთაშორისო დონის, ჩართულნი არიან როგორც აშშ-ის, ისე ევროპის ქვეყნების სტრუქტურები და იმედია, ჩვენც ადრე თუ გვიან ყველაფერს გავიგებთ“, – განაცხადა ხაინდრავამ.