გოგა ხაინდრავა - საქართველომ მძიმე გზა გაიარა, მაგრამ ფეხზე დადგა და დღეს თვითმყოფადი, სუვერენული ქვეყანაა, მიუხედავად იმ წნეხისა და ფარისევლობისა, რომლის მოწმენი ვართ ყველა მხრიდან
გოგა ხაინდრავა - საქართველომ მძიმე გზა გაიარა, მაგრამ ფეხზე დადგა და დღეს თვითმყოფადი, სუვერენული ქვეყანაა, მიუხედავად იმ წნეხისა და ფარისევლობისა, რომლის მოწმენი ვართ ყველა მხრიდან

სასიხარულოა, რომ ამ ქვეყანამ მძიმე გზა გაიარა, მაგრამ დადგა ფეხზე და დღეს თვითმყოფადი, სუვერენული და დამოუკიდებელი ქვეყანაა, მიუხედავად იმ წნეხისა და ფარისევლობისა, რომლის მოწმენი ვართ ყველა მხრიდან, – ამის შესახებ რეჟისორმა გოგა ხაინდრავამ დღევანდელ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისივე თქმით, აშშ-ს არასდროს ჰყოლია ასეთი სამარცხვინო ადმინისტრაცია, როგორიც დღეს ჰყავს.

„ძალიან ბევრი პოლიტიკოსის განცხადება მოვისმინე, რომელიც ეხებოდა არა მარტო საქართველოს, არამედ მსოფლიოში განვითარებულ მოვლენებს და ამდენი სიცრუე, ამდენი ფარისევლობა ძნელი წარმოსადგენი იყო, რომ შეიძლება, ერთი ორგანოდან მოედინებოდეს, თუნდაც ეს აშშ-ის სენატი ან კონგრესი იყოს. არაფერს ვლაპარაკობ ბაიდენის ადმინისტრაციაზე, მის პრესსამსახურზე, სხვადასხვა რჯულის წარმომადგენლებზე. ყველაზე ნათლად ეს საქართველოსთან მიმართებით ჩანს და ჩანს იმასთან მიმართებით, თუ რა დამართეს ამ გაერთიანებას, რომელიც საბჭოთა კავშირს დაემსგავსა, ევროკავშირს ვგულისხმობ. ყველანი მოწმენი ვართ იმ განცხადებების, მაგრამ როდესაც ამას ყველაფერს ასე თავმოყრილს უყურებ, მაშინ ხვდები, რა კრიზისი და უბედურება დაემართა ამ ოდესღაც აყვავებულ გაერთიანებას, რომელსაც საფუძვლად ედო კეთილდღეობა, დემოკრატია, სიმართლე და ა.შ. ბორელის უკანასკნელი განცხადება, რომელიც ამბობს, რომ მოლდოვაში სინათლეა და საქართველოში სიბნელე, მეტყველებს იმას, რომ ეტყობა, მხედველობა მთლიანად აქვს დაკარგული ან, როგორც მინიმუმ, აზროვნება. იმიტომ, რომ დღეს საქართველოსა და მოლდოვას შედარება იმ კონტექსტში, რომ მოლდოვა დემოკრატიულად ყვავის და საქართველოში უკუსვლაა, ნიშნავს იმას, რომ ეს ადამიანი არის უმეცარი ან უსინდისო. ორივე შემთხვევაში ეს დიდი უბედურებაა ევროპისთვის, რადგან ეს ერთ-ერთი ყველაზე დიდი ჩინოვნიკია ევროკავშირში, რომელსაც, ჩემი აზრით, არანაირი მომავალი არ აქვს. ძალიან დიდი იმედები აქვთ როგორც ოპოზიციას, ისე მმართველ პარტიას, რომ 29 წელში და 30 წელში იქ შევალთ. ევროკავშირი ან იქნება 30 წელში, ან არა. უფრო სწორად, დარწმუნებული ვარ, არ იქნება, ასე თუ გააგრძელეს თავისი გზა, ნამდვილად არანაირი მომავალი ამ კავშირს არ აქვს“, – აღნიშნა გოგა ხაინდრავამ.

მისივე თქმით, ევროპარლამენტის დეპუტატებმა რამდენჯერმე ისე მისცეს რეზოლუციას ხმა, რომ წაკითხულიც არ ჰქონდათ.

„თუ შეიძლება, რომ ევროკავშირის 500-მა დეპუტატმა ისე ასწიოს ხელი და რეზოლუციას ისე მისცეს ხმა, რომ არც კი წაიკითხოს, შიგნით რა წერია, ეს მერამდენედ ხდება. პირველად იყო, როდესაც 550-მა დეპუტატმა მოითხოვა სააკაშვილის საავადმყოფოში გადაყვანა, მაშინ როდესაც სააკაშვილი უკვე რვა თვე იყო მაგ დროისთვის საავადმყოფოში. ეს ნიშნავს, რომ იმ მოწვევის 550-მა დეპუტატმა არც კი წაიკითხა, რა წერია რეზოლუციაში, ისე მისცა ხმა. ახალი მოწვევის დეპუტატებმა მოითხოვეს სააკაშვილის დაუყოვნებლივ გათავისუფლება. რა კანონით, რა წესით, რომელი ევროპულობით და რომელი დემოკრატიით არის შესაძლებელი მსგავსი მოთხოვნის დაყენება, ეს ძალიან საინტერესოა ჩემთვის. აბსოლუტური უმეცრება, რაც გამოავლინა ამ ევროპარლამენტმა, მე ვეძახი მას „ფარატინა რეზოლუციას“, სადაც ჩაწერეს, რომ საქართველოში თურმე სტალინის კულტი მძვინვარებს და ნოსტალგია არის საბჭოთა კავშირზე და ამას როგორც ქართველი ხალხი, ასევე საქართველოს ხელისუფლება მხარს უჭერსო. დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოში 80 პროცენტს აღარც ახსოვს საერთოდ, სტალინი ვინ არის. ახალმა თაობამ სულ არ იცის, ვინ იყო სტალინი. ელემენტარული ცოდნა რომ ჰქონდეთ ისტორიის, უნდა იცოდნენ, რას ნიშნავს საქართველოსთვის სტალინიზმი, ის ეპოქა, სადაც ქართული საზოგადოების 20 პროცენტი იყო განადგურებული, ამიტომ რა ნოსტალგია შეიძლება, ჰქონდეს, მით უმეტეს ქართველ ახალგაზრდობას, წარმოუდგენელია. ამ ფონზე მსგავსი განცხადებების მოსმენა სამწუხაროა, თუმცა ამ დროს სასაცილოც არის. ეს საარჩევნო ლოზუნგები – შინ ევროპისკენ – ვინ მიდის ევროპისკენ მაშინ, როდესაც საქართველო იყო, არის და ყოველთვის იქნება ევროპა. ბევრად უფრო ადრე, ვიდრე ის ქვეყნები, ვისაც დღეს ევროპულობაზე პრეტენზია გააჩნიათ. ძალიან მძიმე სურათია, თუმცა სასიხარულოა, რომ ამ ქვეყანამ მძიმე გზა გაიარა, მაგრამ დადგა ფეხზე და დღეს თვითმყოფადი, სუვერენული და დამოუკიდებელი ქვეყანაა, მიუხედავად იმ წნეხისა და ფარისევლობისა, რომლის მოწმენი ვართ ყველა მხრიდან“, – განაცხადა გოგა ხაინდრავამ.

მისივე თქმით, პარადოქსია ის, რასაც თუნდაც გერმანიის ელჩი საქართველოში აკეთებს.

„გერმანიის ელჩი საერთოდ თავის მოჭრაა. ერთ-ერთი ყველაზე მეგობრული და ისეთი ქვეყანა, რომელიც საქართველოსთან მიმართებით ყოველთვის ღირსეულად იქცეოდა, გერმანიაა. ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, ვინც საქართველოს დამოუკიდებლობა ცნო და ძალიან ეხმარებოდა საქართველოს 90-იან წლებში, როცა ძალიან გვიჭირდა, გერმანია იყო, მაგრამ ის, რასაც ფიშერი აკეთებს, არის სამარცხვინო. კაცი, რომელსაც არ დაედგომება ამ ქვეყანაში, ისეთი რამეები აქვს გაკეთებული. ისეთ განცხადებებს აკეთებს, რომლებიც, რაც მთავარია, არათუ დიპლომატიას, არამედ ელემენტარულ ზრდილობასა და ტაქტს არის გაცდენილი, როდესაც ის ბინადრობს პოლიტიკური ლიდერის, მამუკა ხაზარაძის სახლში. ხომ წარმოგიდგენიათ მაგისი ზნე და მაგისი დიპლომატიური ეტიკეტი. ის განცხადება, რომელიც კალაძესთან მიმართებით გააკეთა, ყველასთვის გასაგებია, რომ ვიღაცამ თავის კარში გოლი გაიტანაო. არ არსებობს, რომ ფიშერს სცოდნოდა, რაც მოხდა 10 თუ 15 წლის წინ ფეხბურთში. ბუნებრივია, რომ ეს არიან მისი მრჩევლები, ვინც გვერდზე უდგანან. ეს არის სამარცხვინო კაცი“, – აღნიშნა გოგა ხაინდრავამ.