გოგა ხაინდრავა - „ქართული ოცნება“, როგორც პოლიტიკური პარტია, ახლა ყალიბდება
„ქართული ოცნება“, როგორც პოლიტიკური პარტია, ახლა ყალიბდება, – განაცხადა კინორეჟისორმა გოგა ხაინდრავამ პირველი არხის გადაცემაში „კვირის ინტერვიუ“ სტუმრობისას.
„ადრე „ქართული ოცნება“ ძალიან ეკლექტური გაერთიანება იყო, სადაც აბსოლუტურად სხვადასხვა მსოფლმხედველობის ადამიანები იყო თავმოყრილი. ის, რაც ქართველმა ხალხმა 2012 წელს „ქართული ოცნების“ თაოსნობითა და ბიძინა ივანიშვილის მხედართმთავრობით მოახდინა, რა თქმა უნდა, ქვეყნისა და ცხოვრების წესის რევოლუციური გარდაქმნა იყო. ამიტომ, იქ უამრავი ადამიანი შეიყარა, რომელთა ერთად დაჯგუფება რამე სხვა პირობებში ძნელი წარმოსადგენი გახლდათ“, – განაცხადა გოგა ხაინდრავამ.
მისი თქმით, დღეს საქართველოში დემოკრატია და სიტყვის თავისუფლებაა და ამ პირობებში არ უნდა გვიკვირდეს, რაც ხდება.
„პირიქით, ამას პოზიტიურად უნდა ვხვდებოდეთ, რადგან ხდება აბსოლუტურად ბუნებრივი პროცესი, როდესაც გუნდის გადანაწილება პოლიტიკური მსოფლმხედველობისა და გემოვნების მიხედვით ხდება“, – განაცხადა გოგა ხაინდრავამ.
გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, რაზე მიანიშნა საზოგადოებას ბიძინა ივანიშვილმა, როდესაც განაცხადა, რომ თუ მის გუნდში რამე ისეთი მოხდებოდა, რასაც არ დაეთანხმებოდა, პირველი ოპოზიცია თავად იქნებოდა, კინორეჟისორმა აღნიშნა, რომ ბიძინა ივანიშვილის ერთ-ერთი გამორჩეული თვისება პირდაპირ ლაპარაკია და ის რაღაცებს უფრო ადრე ამბობს, ვიდრე ეს სრულდება.
„ყველაზე საინტერესო ის არის, რომ რასაც იძახის, შეიძლება, იმ მომენტში ძნელად წარმოსადგენია, მაგრამ მერე ხდება. ამიტომ, ვფიქრობ, ქართულ სინამდვილეში, არამარტო პოლიტიკურში, ის აბსოლუტურად არაორდინალური ფიგურაა. რომ არა ბიძინა ივანიშვილი, რომელიც გარკვეულ ძალებს ადუღაბებს, ეს ქვეყანა საოცარ ქაოსში იქნებოდა“, – განაცხადა გოგა ხაინდრავამ.
ირაკლი აბსანძის შეკითხვაზე, არის თუ არა ნახევარსიმართლეები, ვერსიები და კვაზისკანდალები იმის ბრალი, რომ პარტიის თავმჯდომარედ დაბრუნების შემდეგ ბიძინა ივანიშვილს საზოგადოებასთან ცოცხალი ურთიერთობა აღარ აქვს, როგორც ეს ადრე, პოლიტიკიდან ოფიციალურად წასვლამდე ჰქონდა და ამის გამო, საზოგადოებამ ბევრი რამ არ იცის, რადგან მისგან კონკრეტულ განმარტებებს ვერ იღებს, გოგა ხაინდრავამ განაცხადა, რომ ამას რჩევად ჩათვლის და ბიძინა ივანიშვილს გადასცემს.
„ამას შენს რჩევად ჩავთვლი და აუცილებლად გადავცემ, რომ ეს გააკეთოს. ვეტყვი, რომ ამ ინტერვიუში ასეთი რჩევა მივიღე. ეს უფრო რჩევაა, ვფიქრობ“, – განაცხადა გოგა ხაინდრავამ.