გოგა ხაინდრავა - მღვდელმთავარმა ნიკოლოზმა, ვანო მერაბიშვილი პოლიტპატიმრად რომ გამოაცხადა, ჯერ წკრიალაშვილის, მერე სანდრო გირგვლიანის და ირინა ენუქიძის საფლავებზე გაიაროს
მღვდელმთავარმა ნიკოლოზმა, ვანო მერაბიშვილი პოლიტპატიმრად რომ გამოაცხადა, ჯერ წკრიალაშვილის, მერე სანდრო გირგვლიანისა და ირინა ენუქიძის საფლავებზე გაიაროს, – ამის შესახებ რეჟისორმა გოგა ხაინდრავამ განაცხადა.
„თავს არასოდეს მივცემ უფლებას, რელიგიურ საკითხებში ჩავერიო. ეს არ არის ჩემი თემა, მაგრამ გუშინ მღვდელმთავარმა ნიკოლოზმა გამოაცხადა, რომ ვანო მერაბიშვილი პოლიტიკური პატიმარი ყოფილა. მინდა, მღვდელმთავარ ნიკოლოზს შევთავაზო, რომ მეორედ, სანამ ამას გაიმეორებს, იქნებ გია წკრიალაშვილის სახლში მივიდეს, ეს არის ერთ-ერთი მიცვალებული იმ ორი გვამიდან, რომელსაც ვანო მერაბიშვილი ითხოვდა. მის საფლავზე ავიდეს და იქიდან სანდრო გირგვლიანისა და ირინა ენუქიძის საფლავზე გაიაროს, მერე დაფიქრდეს, პოლიტპატიმარია თუ არა ვანო მერაბიშვილი.
ეს არის შეურაცხყოფა ქართული საზოგადოების, პირადად ჩემი შეურაცხყოფა, სანდრო გირგვლიანის ხსოვნისა და ყველა იმ დაჩაგრული, გაწამებული, გაუპატიურებული ადამიანის შეურაცხყოფა არის, ვინც იტანჯებოდა სააკაშვილისა და მერაბიშვილის შექმნილ ციხეებსა და საპატიმროებში“, – აღნიშნა ხაინდრავამ.
ამასთან, გოგა ხაინდრავამ კომენტარი გააკეთა მეუფე ანტონის მიერ პრეზიდენტობის კანდიდატის სალომე ზურაბიშვილის შესახებ გაკეთებულ განცხადებაზეც.
„მღვდელმთავარ ანტონს მინდა ვკითხო, სალომე ზურაბიშვილი თუ პრეზიდენტი გახდა და ქვეყნის დატოვებას აპირებს, რადგან საფრთხეს წარმოადგენს – მიხეილ სააკაშვილი რომ იყო საქართველოს პრეზიდენტი, ვანო მერაბიშვილი რომ იყო შინაგან საქმეთა და უშიშროების მინისტრი, ახალაიები, ეს ცხოველები რომ დაძრწოდნენ საქართველოში და ადამიანებს სისხლში ახრჩობდნენ, ბავშვების ქუჩაში გაშვება რომ გვეშინოდა, ასობით ახალგაზრდა რომ ქუჩაში ჩაცხრილეს და ათასობით ადამიანი აწამეს საპატიმროებში, მაშინ უხიფათო იყო საქართველოში ცხოვრება? სალომე ზურაბიშვილის პრეზიდენტობა ისეთ ხიფათს ქმნის, რომ საქართველოს დატოვება უნდა? სამართალი ხომ უნდა იყოს. რაღაცას რომ ლაპარაკობ, მრევლზე ხომ უნდა იფიქრო, ის ადამიანები უტვინოები კი არ არიან“, – აღნიშნა გოგა ხაინდრავამ.