გოგა ხაინდრავა - კორონავირუსი უტევს მსოფლიოს, მაგრამ, სამწუხაროდ, ჩვენ მეორე ვირუსი გვაქვს, რომელიც შეიძლება, უფრო მეტად აზიანებს სახელმწიფოს, საზოგადოებას, ეს ვირუსია „ნაციონალური მოძრაობა“
გოგა ხაინდრავა - კორონავირუსი უტევს მსოფლიოს, მაგრამ, სამწუხაროდ, ჩვენ მეორე ვირუსი გვაქვს, რომელიც შეიძლება, უფრო მეტად აზიანებს სახელმწიფოს, საზოგადოებას, ეს ვირუსია „ნაციონალური მოძრაობა“

კორონავირუსი უტევს მსოფლიოს, მაგრამ, სამწუხაროდ, ჩვენ მეორე ვირუსი გვაქვს ქვეყნის შიგნით, რომელიც არანაკლებ ზიანს აყენებს და, შეიძლება უფრო მეტს, ჩვენს სახელმწიფოს, საზოგადოებას, ეს ვირუსია „ნაციონალური მოძრაობა“, – ამის შესახებ რეჟისორმა გოგა ხაინდრავამ განაცხადა.

როგორც გოგა ხაინდრავამ აღნიშნა, ის, რაც ბათუმში აქციაზე მოხდა, არის მტრობა საკუთარი ქვეყნის, ეს არ არის არანაირი წინასაარჩევნო კამპანია, არანაირი პოლიტიკა, ეს არის მტრობა, მავნებლობა.

„ამ მავნებლობაში დიდი ხანია, შემჩნეულია ეს სექტა. ის არა მარტო საქართველოშია ამაში მხილებული, არამედ გაცდა საქართველოს. ჩვენ ვნახეთ უკრაინაში შექმნილი გადაცემა, ფილმი, რომელიც ცალსახად ასახავს იმას, რაზეც შვიდი წელიწადია ვლაპარაკობ. ის რომ, მერაბიშვილი, სააკაშვილი, ადეიშვილი უნდა გასამართლებულიყვნენ ღალატზე, ამას ვიძახი 12 წელია. შეგიძლიათ, ნახოთ ჩემი ძველი ინტერვიუები. ეს ადამიანები თავიანთი მოქმედებით, ეს იქნება ახალგორი, კოდორი, ცხინვალი, აფხაზეთი თუ დავით გარეჯი, არიან ამ ქვეყნის მტრები. ისინი არასდროს აღიქვამდნენ ამას თავის სამშობლოდ. ეს იყო ასპარეზი პირადი კეთილდღეობის დასაკმაყოფილებლად. ეს არ არის არანაირი პოლიტიკა. ქართულ საზოგადოებაზე შეტევა მიდის ყველა მიმართულებით. შეტევა მიდის ვირუსის თვალსაზრისით. ყველაზე მწვავე რეგიონში ჩაატარეს მრავალათასიანი შეკრება. რა შედეგი მივიღებთ, ვნახავთ უახლოეს დღეებში ან უახლოეს კვირებში. ეს არის ვირუსი და ქართული საზოგადოება ამ ვირუსს უნდა ებრძოლოს. 31 ოქტომბერს გვაქვს შანსი დავამთავროთ ამ ვირუსის ბოგინი საქართველოში. თუ ამას არ გავაკეთებთ, ეს არანაკლებ სახიფათო იქნება ვიდრე პანდემია“, – განაცხადა გოგა ხაინდრავამ.

მისივე თქმით, ახალგორის დაკარგვა და კოდორის გადაცემა „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან იყო მიზანმიმართული ქმედება.

„ესენი მუშაობდნენ რუსეთის ინტერესების განსახორციელებლად, თემურ ალასანიას თამადობით, რომელიც უშიშროების საბჭოს სხდომებს ესწრებოდა და მათი ხელმძღვანელობით ხდებოდა მიწების გადაცემა რუსეთისთვის, ცხინვალს ვგულისხმობ. რა ვითარებაშიც არის საქართველო და განსაკუთრებით ის, რაც ხდება ყარაბაღში, ეს განსაკუთრებული მნიშვნელობის საკითხია. უპრეცენდენტო შემთხვევაა, როდესაც პოსტსაბჭოთა სივრცეში რეალურად სამხედრო ძალით ხდება დეოკუპაცია და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა. ეს არის ძალიან საყურადღებო და უნდა გვესმოდეს, რომ ეს ჩვენ საზღვართან ხდება და რა გაგრძელება ექნება ამას, არავინ არ იცის. აქტორები ამ დრამის თუ ტრაგედიის, ისტორიის, რომელიც 30 წელიწადია გრძელდება, არიან ძალიან მძიმეწონიანი მოქალაქეები, ჩარეულია რუსეთი, ჩარეულია თურქეთი. ორივე ჩვენი ძლიერი მეზობელია და ბუნებრივია, ეს ყველაფერი სათანადოდ უნდა შეფასდეს, ქართული საზოგადოების მიერ. თამაშის დრო დამთავრდა მსოფლიოში, ეს აღარ არის ის მსოფლიო, რომელშიც ვცხოვრობდით, ამაში დაგვარწმუნა პანდემიამ, რომელიც ახლა იკრებს ძალას“, – განაცხადა გოგა ხაინდრავამ.