გოგა ხაინდრავა - კაპიტანი ეკა გიგაური იმ უბედურებაში მონაწილეობდა, რომელიც „ნაციონალურმა მოძრაობამ“ საქართველოს 7 ნოემბერს თავს დაატეხა
კაპიტანი ეკა გიგაური იმ უბედურებაში მონაწილეობდა, რომელიც „ნაციონალურმა მოძრაობამ“ საქართველოს 7 ნოემბერს თავს დაატეხა, – ამის შესახებ რეჟისორმა გოგა ხაინდრავამ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მისივე თქმით, ორგანიზაცია „გამჭირვალობა საქართველოს“ საქმიანობა რას ეფუძნება და რას ემსახურება, მისთვის გაურკვეველია.
„გამჭირვალობა საქართველოს“ სათავეში დგას კაპიტანი გიგაური, რომელიც არათუ ეჭვმიტანილია, არამედ მე ამას დავადასტურებ სასამართლო პროცესზე, მონაწილეობდა იმ უბედურებაში, რომელიც თავს დაატეხა საქართველოს „ნაციონალურმა მოძრაობამ“ 7 ნოემბერს.
ეს არის ადამიანი, რომელმაც არამარტო იცრუა ქართული საზოგადოების წინაშე, არამედ მართლმსაჯულებაც შეჰყავს შეცდომაში, ამას დავადასტურებ. მაქვს დამამტკიცებელი საბუთები, რომ კაპიტანმა გიგაურმა ეს რიგგარეშე წოდება მიიღო იმაში, რომ ხელი შეუწყო თავისი მოქმედებით და წაახალისა ის ადამიანები, რომლებმაც სისხლში ჩაახრჩვეს ქართული საზოგადოებრივი აზრის თავისუფლების წყურვილი 7 ნოემბერს“,- განაცხადა ხაინდრავამ.
მისივე განცხადებით, „გიგაური არასამთავრობო კასტის სათავეში დგას და ქართულ საზოგადოებას გამჭირვალე ცხოვრებისთვის მიუთითებს, როცა თავად სიბნელეში ამყოფებს თავის წარსულს, ზნეობასა და მორალს“.
„სასამართლო მეორე წელია გრძელდება. პროცესზე გომოძახებული არიან ვანო მერაბიშვილი და ბადრი ბიწაძე, რომლებმაც უნდა უარყონ ან დაადასტურონ, რომ კაპიტანმა გიგაურმა ეს რიგგარეშე წოდება მიიღო იმისთვის, რომ დააჯილდოვა სპეცდანიშნულების რაზმი, რომელმაც 7 ნოემბერს სისხლში ჩაახრჩო ქართველი ხალხი”,- აღნიშნა გოგა ხაინდრავამ.