გოგა ხაინდრავა - ფადი ასლიმ ქართულ საზოგადოებას შეურაცხყოფა მიაყენა
ყოფილი სახელმწიფო მინისტრი, რეჟისორი გოგა ხაინდრავა, „საერთაშორისო სავაჭრო პალატის“ ეროვნული კომიტეტის თავმჯდომარის, ფადი ასლის მიერ გაკეთებულ შეფასებებს ეხმიანება და მას ზრდილობისკენ მოუწოებს.
ბიზნესმენმა ფადი ასლიმ დღეს შემდეგი სახის განცხადება გააკეთა: „ანაკლიის პროექტი დასრულდება, თუმცა საკითხავია, ვინ დაასრულებს მას – ხაზარაძე თუ ივანიშვილი? ივანიშვილის მიზანია ხაზარაძის დისკრედიტირება, რათა მან სახსრები ვერ მიიღოს დონორებისგან. ბიზნესმენებმა ხმა უნდა ამოიღონ და ამით საკუთარ თავს უშველონ, რადგან „დღეს ეს ხაზარაძეა, გუშინ „ომეგა ჯგუფი“ იყო“. ვისაც წერილის ჭეშმარიტებაში ეჭვი ეპარება, ეჭვქვეშ აყენებს წერილის არსებობას „თიბისის“ წინააღმდეგ დანაშაულებრივი შეთქმულების ნაწილია ან ხელს აფარებს „ქართულ ოცნებას“ და საქართველოს მთავრობას, ან უბრალოდ იდიოტია. სხვა ალტერნატივა არ არსებობს”.
გოგა ხაინდრავამ ფადი ასლის განცხადების კომენტირებისას აღნიშნა, რომ მან ქართულ საზოგადოებას შეურაცხყოფა მიაყენა.
„ფადი ასლის ვურჩევ, იდიოტები იქ მოიკითხოს, სადაც თავის დროზე ზრდილობა არ ასწავლეს. ნუ დაავიწყდება, რომ ის ამ საზოგადოების სტუმარია და ისე მოიქცეს, როგორც სტუმარ-მასპინძლობის წესს შეეფერება კავკასიაში. ფადი ასლის თავხედობა ყველა ზღვარს გადაცდა, დღევანდელ განცხადებაში მან ქართულ საზოგადოებას შეურაცხყოფა მიაყენა”, – განაცხადა გოგა ხაინდრავამ.