გოგა ხაინდრავა - ეტყობა, ლომჯარია ჯერჯერობით ლეიტენანტია და მას კაპიტანი გიგაური მართავს
ეტყობა, ლომჯარია ჯერჯერობით ლეიტენანტია, უფრო მაღალი წოდება ვერ მიიღო და მას კაპიტანი გიგაური მართავს, – განაცხადა რეჟისორმა გოგა ხაინდრავამ პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას.
„ნინო ლომჯარია ეკა გიგაურის სმს–ებით იმართება ისევე, როგორც „ეს შენ გეხება“. ეს ყველამ იცის. გიგაური დღეს თქვენს გადაცემაში სტუმრად იმიტომ არ მოვიდა, რომ იცოდა, ერთ–ერთი სტუმარი მეც ვიყავი. სასამართლოში არ მოდის, სადაც მე მიჩივლა, რომ საზოგადოებასა და მართლმსაჯულებას პასუხი გასცეს; მართლმსაჯულებას, საზოგადოებას ატყუებს, პასუხებს იქ არ იძლევა და როგორ ფიქრობთ, პირდაპირ ეთერში დაჯდება?! აქ არც ლომჯარია მოვა, რადგან საპასუხო არაფერი აქვს“, – განაცხადა გოგა ხაინდრავამ.
მისი თქმით, ქართული საზოგადოება მომსწრეა მათ მიერ ჩატარებული კამპანიებისა, რომლებიც პირდაპირ სახელმწიფო ინტერესების წინააღმდეგ იყო მიმართული.
„ისინი იმ ჯგუფების ინტერესებს ატარებენ, რომლებიც მათ აფინანსებენ. მათ ძალიან სერიოზული ძალა, მსოფლიო ფსევდოლიბერალური ძალა აფინანსებს, რომელიც გავლენების მოპოვებასა და გეოგრაფიული არეალების მართვას არამხოლოდ საქართველოში, არამედ ევროპის ძალიან ბევრ ქვეყანაში ცდილობს“, – განაცხადა ხაინდრავამ.
როგორც რეჟისორმა აღნიშნა, ამ ფსევდოლიბერალური ძალის შესაძლებლობები მსოფლიო საზოგადოებამ ყველაზე კარგად აშშ–ის უკანასკნელ საპრეზიდენტო არჩევნებზე დაინახა.
„საქართველოშიც ზუსტად იგივე პროცესები მიმდინარეობს და ამაში გასაკვირი არაფერია. ეს პოლიტიკური კონიუნქტურაა. უბრალოდ, ამაში საზოგადოებაც უნდა ერკვეოდეს და ყველაფერს თავისი სახელი დაარქვას“, – განაცხადა გოგა ხაინდრავამ.