გოგა ხაინდრავა - ეკა გიგაურმა 7 ნოემბრის აქციის დარბევაში მონაწილეობისთვის პრემია 331 ადამიანს მისცა
რეჟისორი გოგა ხაინდრავა აცხადებს, რომ ეკა გიგაურმა 7 ნოემბრის აქციის დარბევაში მონაწილეობისთვის პრემია არა მხოლოდ ბარისახოს სპეცდანიშნულების რაზმის წევრებს გადასცა, არამედ 331 ადამიანს.
როგორც გოგა ხაინდრავამ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, პროკურატურამ უნდა ჩაატაროს მოკვლევა, რა მიზანს ემსახურებოდა “საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს” ახლანდელი ხელმძღვანელისა და სასაზღვრო სამსახურის უფროსის ყოფილი მოადგილის, ეკა გიგაურის მხრიდან პრემიების გაცემა.
„კაპიტანი გიგაური ცდილობს, თავისი ოფისის წარმომადგენლები გამოიყენოს ფარად იმ ტყუილებში, რომლითაც მესამე წელიწადია, კვებავს სასამართლოსა და ქართველ საზოგადოებას. მისმა იურისტმა განაცხადა, რომ თურმე კაპიტანმა გიგაურმა ეს პრემიები გასცა ბარისახოს სასაზღვრო პუნქტის ერთ-ერთ ჯგუფზე, რომელიც შედგება 11 კაცისგან. კაპიტანმა გიგაურმა პრემიები გასცა 331 კაცზე, სპეცდანიშნულების რაზმის წევრებზე, მათ ხელმძღვანელობაზე. მაქვს საბუთები, რომელიც ამოვიღე არქივიდან. აქ არის საუბარი მაგალითად ახალციხის, წითელი ხიდის, დედოფლის წყაროს, ყაზბეგის, ლაგოდეხის, ბარისახოს ჯგუფებზე. ჩვენ გვაქვს ბრძანება, სადაც ჩანს, რომ 7 ნოემბერს ყაზარმულ მდგომარეობაზე იყვნენ გადასული ეს ჯგუფები”, – განაცხადა გოგა ხაინდრავამ.
მისივე თქმით, დღეს არის სასამართლო სხდომა, სადაც იმ დოკუმენტებს წარადგენს, რომელშიც ჩანს, რომ გიგაურმა პრემიები 331 ადამიანს მისცა.