გოგა ხაინდრავა - ძალიან საჭიროა, შვეიცარიის ელჩმა ახსნას, რა ხდება შვეიცარიაში ბიძინა ივანიშვილთან მიმართებაში
გოგა ხაინდრავა - ძალიან საჭიროა, შვეიცარიის ელჩმა ახსნას, რა ხდება შვეიცარიაში ბიძინა ივანიშვილთან მიმართებაში

შვეიცარიამ თვითგანადგურების რეჟიმი ჩართო 4 მარტიდან, ეს ნათლად ჩანს საქმეზე, რომელიც იქ მიმდინარეობს და ეს გასცდა კონკრეტული პიროვნების დამოკიდებულებას კონკრეტულ ბანკთან, – ამის შესახებ კინორეჟისორმა, გოგა ხაინდრავამ განაცხადა.

როგორც გოგა ხაინდრავამ აღნიშნა, შვეიცარიამ, რომელიც იყო განთქმული, ერთ-ერთი ოაზისი მშვიდობის, კანონიერების, კეთილდღეობის, სამართლიანობის, კერძო საკუთრების დაცვის, ადამიანის უფლებათა დაცვის, სრული დეგრადაცია განიცადა.

„ამ ქვეყანამ, ფაქტობრივად, თვითგანადგურების რეჟიმი ჩართო 4 მარტიდან. ეს ნათლად ჩანს იმ საქმეზე, რომელიც იქ მიმდინარეობს და ეს საქმე გასცდა კონკრეტული პიროვნების დამოკიდებულებას კონკრეტულ ბანკთან. ამ შემთხვევაში „კრედიტ სუისი“ მაქვს მხედველობაში, რომელიც ყაჩაღების ბუნაგად გადაიქცა და ბანკის არანაირი სახე მას არ გააჩნია.

მიუხედავად იმისა, რომ საერთაშორისო სასამართლოებმა არაერთგზის გამოიტანეს განაჩენი იმასთან დაკავშირებით, რომ მათ შეწყვიტონ ყაჩაღობა, რომელსაც ჩადიან, ამ ყაჩაღობაში ჩაერთო შვეიცარიის მართლმსაჯულება და მისი გადაწყვეტილება არის ზუსტად ისეთივე უკანონო, როგორიც არის „კრედიტ სუისის“​ ყველა მოქმედება. ამაში ჩაერთო შვეიცარიის მედია, ე.წ თავისუფალი მედია. როდესაც ქვეყანა თავის ნებით უარს ამბობს ნეიტრალიტეტზე, ეს იყო ერთ-ერთი ყველაზე დიდი მონაპოვარი, მსოფლიოში სულ რამდენიმე ქვეყანა იყო და ევროპაში შვეიცარია, რომელიც ამით იყო განთქმული, ამან განაპირობა მისი განვითარება, მისი წინსვლა, ავტორიტეტი. დღეს ეს ავტორიტეტი განულდა. ორი დღის წინ მოვისმინე ოპოზიციის მოთხოვნა შვეიცარიის ელჩის მიმართ, რომ გამოვიდეს და ახსნას, რა ხდება შვეიცარიაში ბიძინა ივანიშვილთან მიმართებაში. მეც ვფიქრობ, ეს ძალიან საჭიროა.

მინდა, სამი რამ დავასახელო, რაც პირდაპირ არის ჩართული დევნაში, ეს არის კრიმინალური დევნა ბიძინა ივანიშვილის, რაც ხდება შვეიცარიის საბანკო სისტემის მხრიდან, რაც ხდება შვეიცარიის მართლმსაჯულების მხრიდან და რაც ხდება შვეიცარიის მედიის მხრიდან. შვეიცარიის მედიამ არ ინება არც ერთი პუბლიკაციის დაბეჭდვა, რომელსაც სთავაზობდნენ ივანიშვილის ადვოკატები. პირველ რიგში ეს შვეიცარიას სჭირდებოდა და არანაირად ბიძინა ივანიშვილს, დაენახათ, რომ უფსკრულის პირას დგანან. „კრედიტ სუისი“ ფაქტობრივად მთლიანად კარგავს თავის სახელს და ეს პირდაპირ ურტყავს მთელს საბანკო სისტემას. ამას მოყვა გაუგონარი გადაწყვეტილება შვეიცარიის მართლმსაჯულების, როდესაც მან თქვა, რომ ბანკი თავის მოვალეობას კრედიტორთან მხოლოდ იმ შემთხვევაში შეძლებს, როდესაც მესამე ადამიანთან გაარკვევს თავის ურთიერთობას. ეს ხომ აბსურდია. ეს თავისთავად ბანკის იდეას სპობს. წარმოიდგინეთ, მსოფლიოში რამდენი ადამიანია, ვინც ენდობოდა შვეიცარიის საბანკო სისტემას, ყველა ეს მდიდარი ადამიანი დღეს შვეიცარიის საბანკო სისტემას აღარ ენდობიან, ეს შვეიცარიისთვის კატასტროფაა. გარდა საათებისა და შოკოლადის წარმოების, შვეიცარიას სხვა არაფერი გააჩნია. მისი ნეიტრალიტეტი, მისი საბანკო სისტემა და მისი კანონისადმი ერთგულება იყო ის, რაზეც შვეიცარია იდგა. ძალიან მალე ნახავთ შედეგს, რასაც ის მოიმკის. როდესაც პოლიტიკური, სამართლებრივი, საბანკო და მედია ერთ ხმაში მღერის, ნიშნავს, რომ მას დირიჟორი ყავს. ეს დირიჟორი შვეიცარიაში არ არის. მე ვფიქრობ, ეს არის აშშ“, – განაცხადა ხაინდრავამ.