გოგა ხაინდრავა - ათი წელია, ასეთ შეკრებებზე არ ვყოფილვარ, მაგრამ დღეს მოვედი, რადგან ვერ მოვა კობა, ირინა ენუქიძე, ბადრი პატარკაციშვილი, სულხან მოლაშვილი, ვერც ნიკა კვინტრაძე, რომელიც აქ, მოედანზე მოკლეს
რეჟისორ გოგა ხაინდრავას განცხადებით, ძალიან სიმბოლურია, რომ დღეს კობა დავითაშვილი საქართველოს პრეზიდენტისგან ღირსების მედლით დაჯილდოვდა.
ხაინდრავას თქმით, სიმართლე აღარასოდეს დაიკარგება. როგორც ხაინდრავამ პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, მათთვის, ვინც 7 ნოემბრის მოვლენების დროს საკუთარი ხალხის მიმართ სამარცხვინო საქციელი ჩაიდინეს, საქართველო სამშობლო არ არის.
„საქართველო სიმბოლოების ქვეყანაა და დღევანდელი დღეც სიმბოლოებითაა სავსე. პირველი – დღეს პატარა კახის დაბადების დღეა და ყველას გილოცავთ. ერეკლე მეფის, რომელიც ღირსების, ვაჟკაცობის, თავდადების და თავგანწირვის სიმბოლო იყო საქართველოში – არის და იქნება და ვერავინ ჩაანაცვლებს. დღეს კობას ჩვენმა პრეზიდენტმა, ქალბატონმა სალომემ ღირსების ორდენი მიანიჭა. ვფიქრობ, ძალიან სიმბოლურია, რომ დღეს კობა დავითაშვილს, ამ სწორუპოვარ მებრძოლს საქართველოსთვის და ჩვენთვის ყველასთვის, მიენიჭა ღირსების ორდენი. მე ვფიქრობ, ეს დღე უკვე არის დაარსებული. კობა დავითაშვილს 7 ნოემბერს ღირსების ორდენი რომ გადაეცა, ე.ი. ყველა იმ ადამიანს გადაეცა, ყველა თქვენგანს, ვინც გულშემატკივრობდა იმას, რაც ხდებოდა ჩვენს ქვეყანაში და მზად იყო, საკუთარი სიცოცხლე გაეწირა ამისთვის.
ჩვენ ვნახეთ ახლა ეს კადრები და ეს არის სიმართლე და სიმართლე აღარასოდეს არ დაიკარგება. ამ სიმართლეს ჩვენი შვილები, შვილიშვილები, იმათი შვილები ნახავენ და ეცოდინებათ, რომ სამარცხვინოა, როდესაც ასე ექცევიან საკუთარ ხალხს, მაგრამ უბრდურება იმაშია, რომ ვინც ეს ჩაიდინა, იმათთვის საქართველო სამშობლო არ არის, ეს არის მაგათი ვნებების დასაკმაყოფილებელი ასპარეზი, როგორც მაგათმა ბელადმა თქვა უარი არა მარტო საქართველოს მოქალაქეობაზე, არამედ წარმომავლობაზე, მე არ ვარ ქართველიო, ქართული ღირებულებები ჩემთვის არაფერს ნიშნავსო, არც სუფრა, არც ღვინო, არც მეგობრობა. მე უკრაინელი ვარო და მეორე მასხარა, რომელიც დღე და ღამე ტელევიზორშია, უკაცრავად და, ჩაგიფსით ღვინოშიო. ამაზე დიდი შეურაცხყოფა შეიძლება რომ ქართველ კაცს, საქართველოს, ყველა ჩვენგანს ვინმემ მიაყენოს? რომელი ოკუპანტი, რომელი მტერი, ვინ მოგაყენებს ეგეთ შეურაცხყოფას? ეს ჩვენს გულში და ღირსებაში ჩაფურთხება იყო“, – განაცხადა გოგა ხაინდრავამ.
ამასთან, ხაინდარავას თქმით, ერთადერთი ინსტიტუტი, რამაც მოიტანა საქართველო, როგორც სახელმწიფო, თვითმყოფადობა, ღირსება, ქართველობა, არის ქართული მართლმადიდებელი ეკლესია.
„მე ათი წელია, ასეთ შეკრებებზე არ ვყოფილვარ და ვფიქრობდი, რომ არც არასდროს მივიდოდი, მაგრამ დღეს მოვედი იმიტომ, რომ კობა ვერ მოვა, ვერც ირინა ენუქიძე, ვერც ბადრი პატარკაციშვილი, ვერც სულხან მოლაშვილი მოვა, ვერც ნიკა კვინტრაძე, რომელიც აქ მოკლეს მოედანზე. ჟვანია, ასათიანი ვერ მოვლენ აქ, ვერც სერგო თეთრაძე, როინ შავაძე, ვერ მოვა ქარდავა, ვერ მოვა ბუტა, ვერ მოვა სანდრო, ვერ მოვა უამრავი ადამიანი, რომელიც ამ მკვლელებმა, დღეს რომ თავისუფლებაზე, ღირსებაზე, სამშობლოზე ლაპარაკობენ, თეთრი შავად მოაქვთ, შავი თეთრად… ასეთი სირცხვილი, რისი მომსწრენიც ჩვენ უკანასკნელი წლების და თვეების, განსაკუთრებით დღეების მომსწრენი ვართ, როდემდე უნდა ვითმინოთ ჩვენ ყველამ ეს? როდემდე შეიძლება, რომ ამოატრიალო ეს ქვეყანა? ერთადერთმა, რამაც მოიტანა საქართველო, როგორც სახელმწიფო, თვითმყოფადობა, ღირსება, ქართველობა, ერთადერთი ინსტიტუტი, ეს არის ქართული მართლმადიდებელი ეკლესია. ამ საუკუნეების განმავლობაში, ორი ათასი წლის განმავლობაში ვინმემ, გინდაც აქ მდგომმა, გინდა იქ მწოლიარემ დამისახელოს მეორე ინსტუტუტი, რომელმაც ეს შეძლო. ამიტომ მიდის შეტევა, რომ ეს არის ჩვენი ღერძი, ეს არის ჩვენი საფუძველი, ეს არის ჩვენი ფესვები და ამაზე ვდგავართ ყველა, თუნდაც ვინც არ ვართ კარგი ქრისტიანები და არც ეკლესიურები ვართ, ყველა ქართველის გულში უფალი არის ამა თუ იმ გრძნობით და ფორმით.
არ არსებობს ქართველი, რომლის გულშიც უფალი არ არის, თუნდაც ის უკანასკნელი იყოს, მაგრამ აი, ამათ გულში უფალი არ არის, რადგან საქართველო არ არის მაგათ გულში. ამიტომ, ვერაფერს იზამენ, ჩემო კარგებო. ერთი წამით არ დაუშვას არავინ, რომ ეს სიმხეცე როდესმე საქართველოში რაიმე ფორმით დაბრუნდება. ამას ვპირდები კობას სახელით, ირინას სახელით, სულხანის სახელით, იმ ყველა ბიჭის სახელით, ძალიან ბევრნი არიან. ჩვენ ყოველ 7 ნოემბერს მოვალთ აქ, პატივს მივაგებთ იმ ადამიანებს, ვინც აქ იდგნენ, იწვნენ, ვინც საკუთარ სიცოცხლეს წირავდნენ. ამ კიბეებზე მდგარა მერაბ კოსტავა, რომელიც საბჭოთა კავშირის დროს სიმბოლო და არა მარტო საბჭოთა კავშირში, კარგად ვიცნობდი, ღორსების სიმბოლო იყო, ის ადამიანი რუსეთის ბანაკებში, გულაგში შიმშილობდა და არ ვიცი, რა დავარქვა, ასეთი სიტყვები არ არსებობს იმ სირცხვილის აღსაწერად, რომლის მოწმენიც დღეს ჩვენ ვართ. ეს არის ყველა იმ ახალგაზრდა ბიჭის ქვეყანა, ვინც არ შეუშინდა სისასტიკეს. ამ ქვეყანას ვერ მოერევიან ესენი, რადგან ამ ქვეყნის სიმბოლო არის ღირსება. გილოცავთ კიდევ კობას ღირსებას, იმ ადამიანის სიმტკიცეს და თავგანწირვას, მოსალოცია, რადგან ჩვენ ეს გვაქვს და ბევრს არ აქვს“, – განაცხადა გოგა ხაინდრავამ.