გოგა ხაინდრავა - 900 000 დოლარი გადახდილია, რომ საქართველოში სახელმწიფო გადატრიალება განხორციელებულიყო
დღეს გამოქვეყნდა დასტური იმისა, რომ საქართველოს წინააღმდეგ საერთაშორისო შეთქმულება იყო, ეს დადასტურდა რიცხვებით და ცნობებით იმის შესახებ, თუ ვინ იყო ამ შეთქმულების მონაწილე და რა თანხები იხარჯებოდა მის განსახორციელებლად, – ამის შესახებ რეჟისორმა გოგა ხაინდრავამ განაცხადა.
როგორც გოგა ხაინდრავამ აღნიშნა, 900 000 დოლარი გადახდილია, რათა საქართველოში სახელმწიფო გადატრიალება განხორციელებულიყო.
„ის, რაც ჩვენ გავიგეთ, 900 000 დოლარი, რომელიც გადახდილია, რომ საქართველოში სახელმწიფო გადატრიალება განხორციელებულიყო, ეს მხოლოდ აისბერგის თავია. ეს არის ის ლეგალური ფული, რომელსაც ეს დაჯგუფება იმისთვის იხდიდა, რომ საქართველოში სახელმწიფო გადატრიალების ფონი მოემზადებინა, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარეთ. აშშ-ს იუსტიციის სამინისტროს დოკუმენტებში იმის შესახებ პირდაპირ არის მონაცემები, რომ საქართველოში ამას კოორდინაციას უწევდა აშშ-ს საელჩო და მისი ელჩი დეგნანი, ამას მისი არაერთი განცხადება ადასტურებს, რომლის მოწმენიც ჩვენ ვართ.
ბუნებრივია, რომ მე ამის სამართლებრივ შეფასებას ვერ გავაკეთებ და არც გავაკეთებ, რადგან არც პროკურატურასთან, არც სასამართლოსთან, არც საგამოძიებო ორგანოებთან არანაირი კავშირი არ მაქვს. მაგრამ მე, როგორც ერთ-ერთი მოქალაქე, რომელიც ქართულ პოლიტიკაში აქტიურად იყო ჩართული, ამ ყველაფრის მოწმე და მონაწილეა, შემიძლია, იმის შესახებ ცალსახად განვაცხადო, რომ ეს შეთქმულება იყო, რომელიც, მადლობა ღმერთს, დღეისთვის ჩაიშალა და მიზანს ვერ მიაღწია. თუმცა, დარწმუნებული ვარ, რომ ამასთან დაკავშირებით გარკვეული ჭინთვები კიდევ გაგრძელდება. ამის მოწმენი ვართ გუშინ, დღეს და ალბათ ხვალაც ვიქნებით. ამ ყველაფერმა კომიკური სახე მიიღო, თუმცა ძალიან ახლოს იყო იმასთან, რომ ეს ტრაგედია საქართველოში განმეორებულიყო“, – განაცხადა ხაინდრავამ.
მისივე თქმით, ამის მონაწილე ერთი და იგივე დაჯგუფებაა, რომელსაც პოლიტიკურ პარტიას ეძახიან, ეს არის „ნაციონალური მოძრაობის“ სახელით ცნობილი დანაშაულებრივი ორგანიზაცია, რომელიც მეზობელი ქვეყნის მოქალაქეს ყველანაირად ხელს უწყობს, რომ არალეგალური, დანაშაულებრივი გზით საქართველოში ხელისუფლების ცვლილება მოხდეს.
„ეს ძალიან სამწუხარო ამბავია, მეტყველებს იმაზე, მსოფლიო პოლიტიკური ელიტა რამდენადაა დეგრადირებული. ყველაზე საინტერესო აქედან ჩემთვის იყო ის, თუ რა თანხებია გადახდილი იმ ფსევდოექსპერტებისთვის, რომლებიც სასამართლოზე გამოდიოდნენ და ამტკიცებდნენ, რომ სააკაშვილი ავადაა. ეს მეტყველებს იმაზე, რომ სამედიცინო სამყაროშიც კი, სადაც ჰიპოკრატეს ფიცი თავის დროზე შეურყეველი ღირებულება იყო, ისიც კი აღარ არსებობს, ყველაფერი იყიდება. ეს ექსპერტები ნაყიდები იყვნენ და ამაში 300 000 დოლარი იყო გადახდილი. ყველაფერი, რისი მოწმენიც ვიყავით, თავიდან ბოლომდე ნაყიდი იყო სხვადასხვა ქვეყნის პოლიტიკური ელიტების მიერ. ეს არის ყველაზე დიდი სკანდალი, რომელიც შეიძლება, მსოფლიოში, პოლიტიკურ სამყაროში მოხდეს. ყველაფერი იქნება გაკეთებული, რათა ეს სკანდალი მიჩუმათებული იყოს. მე, მაგალითად, დღეს კელი დეგნანის ადგილას ამ ქვეყანას დავტოვებდი, რადგან მისი საქართველოში ყოფნა, მისი მოქმედება სამარცხვინოა. მისი დანახვა აღარ მინდა მას შემდეგ, რაც ეს საბუთები გამოქვეყნდა.
ერთადერთი, რაც ხელს გვიშლის იმაში, რომ ეს ყველაფერი გამოძიებული იყოს, არის ის, რომ საქართველო პატარა ქვეყანაა და არ შესწევს უნარი, ასეთი დონის გამოძიება ჩაატაროს და მართლმსაჯულების გზით სიმართლე გაარკვიოს. ამ შეთქმულებაში ნებსით თუ უნებლიეთ მონაწილეობდნენ როგორც საქართველოს მოქალაქეები, ისე პოლიტიკური გვამები, სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლები, ისეთი, მაგალითად, როგორიცაა შაჰინი, აშშ-ს სენატორი. ამაში მონაწილეობდნენ სხვადასხვა ქვეყნის უწყებების წარმომადგენლები, საგარეო საქმეთა სამინისტროს მინისტრები, ევროპარლამენტარები, რომელთა სახელ-გვარები ყველამ კარგად ვიცით. ამის დადასტურებას ყოველდღიურად მსოფლიო პრესაში შეგვიძლია შევხვდეთ, ამის დადასტურება მათ განცხადებებია.
როდესაც ამ შეთქმულებაში ისეთი მნიშვნელოვანი ფიგურები ურევიან, როგორებიც არიან აშშ-ს დიპლომატიური უწყების წარმომადგენლები, თეთრი სახლის სპიკერები, კონგრესმენები და სენატორები, ბუნებრივია, ამ მხრივ ჩვენი შესაძლებლობები შეზღუდულია. მაგრამ ჩვენი შესაძლებლობები არ არის შეზღუდული, ქართულმა საზოგადოებამ, საერთოდ, მსოფლიო საზოგადოებამ ზუსტად იცოდეს, ვისთან, რასთან გვაქვს საქმე. ვინ არის ამ დანაშაულებრივი ქმედების მონაწილე. მსოფლიო სამართლიანი რომ ყოფილიყო და რეალურად დემოკრატია რომ ყოფილიყო, კანონიერებას რომ პატივს სცემდნენ, ყველა, ვინც ვახსენე, გამოძიების მონაწილეები იქნებოდნენ იმ დანაშაულებრივ ქმედებასთან დაკავშირებით, რომელზეც მოგახსენეთ“, – განაცხადა ხაინდრავამ.