გოგა გულორდავა - ექვსი თვის მონაცემებით, ინფრასტრუქტურის სამინისტრომ ბიუჯეტი გადაჭარბებით აითვისა
ინფრასტრუქტურულ პროექტებს, ექვსი თვის განმავლობაში, 673 მილიონი ლარი მოხმარდა და წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, სამინისტრომ დაახლოებით 183 მილიონი ლარით მეტის ათვისება მოახერხა, რაც სამინისტროს არსებობის ისტორიაში ყველაზე მაღალი მაჩვენებელია, – ამის შესახებ წალენჯიხის მაჟორიტარმა დეპუტატმა, გოგა გულორდავამ განაცხადა.
მისი თქმით, ამ რაოდენობის პროექტი სამინისტროს არსებობის მანძილზე არ განხორციელებულა და ეს მხოლოდ ბოლო ერთი წლის განმავლობაში დანერგილმა სისტემურმა ცვლილებებმა განაპირობა.
„ექვსი თვის მონაცემებით, ინფრასტრუქტურის სამინისტრომ ბიუჯეტი გადაჭარბებით (100-ზე მეტი პროცენტით) აითვისა. ინფრასტრუქტურულ პროექტებს, ექვსი თვის განმავლობაში, მოხმარდა 673 მილიონი ლარი და წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, სამინისტრომ დაახლოებით 183 მილიონი ლარით მეტი ათვისება მოახერხა, რაც სამინისტროს არსებობის ისტორიაში ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. დღეს, ინფრასტრუქტურის სამინისტრომ წარმოადგინა რეგიონების განვითარების მიზნით გამოყოფილი თანხების ათვისების ექვსი თვის ანგარიში, რომელიც შთამბეჭდავია. ეს სამინისტროს საქმიანობის მხოლოდ ერთი მიმართულებაა და მხოლოდ ამ მიმართულებით სამინისტრო 400 მილიონი ლარის 6700 პროექტს მართავს. ამ ოდენობის თანხა და ამ რაოდენობის პროექტი სამინისტროს არსებობის მანძილზე არ განხორციელებულა და ეს მხოლოდ ბოლო ერთი წლის განმავლობაში დანერგილმა სისტემურმა ცვლილებებმა განაპირობა”,- განაცხადა გოგა გულორდავამ.
როგორც დეპუტატი აღნიშნავს, სამინისტროს მიერ წარმოდგენილი ყველა პროგრამით ისეთი პროექტები ფინანსდება, რომელთა მიზანი რეგიონებში აუცილებელი ინფრასტრუქტურის შექმნა და ადგილობრივი თვითმმართველობების გაძლიერებაა, ვინაიდან პროექტების განხორციელებაში სწორედ თვითმმართველობა ერთვება.