საკმაოდ საინტერესო ეპოქაში ვცხოვრობთ, როდესაც ვერც კი წარმოვიდგენდი, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის იდეა დადგებოდა კითხვის ნიშნის ქვეშ, დღეს, როცა ასე მზარდად ვაშენებთ დემოკრატიას, – ამის შესახებ საქართველოს პირველი არხის არქივის ხელმძღვანელმა, გოგა ჩართოლანმა განაცხადა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „გადაწყვეტილება“.
მისი შეფასებით, მაუწყებლის დაფინანსების წესის ცვლილების შესახებ კანონპროექტი ნამდვილად კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს საზოგადოებრივი მაუწყებლის იდეას.
„მქონდა ბედნიერება, თავის დროზე ვიყავი ერთ-ერთი მათგანი, ვინც ამ კანონზე მუშაობდა, ვინც ეს კანონი მიიღო, ამ კანონთან დაკავშირებით პირველი თოქშოუ წავიყვანე სწორედ მე. სხვათაშორის, მაშინ იყო ძალიან ბევრი მოწინააღმდეგე, სხვა მედიასაშუალებების წარმომადგენლები, რომლებიც ამბობდნენ, რომ არ გვინდა ეს, რადგან გაგვიწევს სერიოზულ კონკურენციას, ის შექმნის ისეთ კონტენტს, რომელიც შეიძლება, ჩვენ ვერ შევქმნათ, რაც რეალურად ხდება ხოლმე, რაც მოხდა ამ საზოგადოებრივი მაუწყებლის ბაზაზე. ჩვენთან არქივშია დაცული ძალიან დიდი მასალა. ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია კითხვა – რატომ იყო ერთსულოვნება? გარდა იმისა, რომ მე არქივს ვხელმძღვანელობ ამ მედიასაშუალებაში, კიდევ მრავალი წელია, ვიკვლევ მედიას, ვარ მკვლევარი, მეცნიერი, რომელიც ამას პლუს კიდევ იკვლევს და დიდ დაკვირვებას ვაწარმოებ. ჩემი აზრით, აქ არის ძალიან ცუდი, მაგრამ მარტივი ლოგიკა, ზოგადად მედიას და განსაკუთრებით ტელემედიას, ის ადამიანები, რომლებიც ახლა არიან წარმოდგენილი პარლამენტში, და არა მარტო პარლამენტში, საზოგადოების დიდი ნაწილი უყურებს, როგორც ერთგვარ პროპაგანდისტულ მანქანას და საშუალებას. სწორედ იმის გამო, რომ ჩვენი მედიასაშუალება არ არის პროპაგანდისტული და აქ არ არის პროპაგანდა არცერთი პოლიტიკური ძალის, არცერთი იდეოლოგიის და ა.შ. მისდამი დამოკიდებულება ასეთია – „ჩემთვის არ მუშაობს“ – ამბობს ოპოზიცია, „არც ჩემთვის“ – ამბობს პოზიცია, არც ვიღაცა კიდევ შუალედური პარტიებისთვის. ამიტომ იყო საშინელი მდუმარება, „ხმაურიანი მდუმარება“. აცდენა არის ღირებულებებში. ვითომ კი იციან, რა არის საზოგადოებრივი მაუწყებელი და ამბობენ, რომ უნდა შევინარჩუნოთ, მაგრამ გვჭირდება საზოგადოებრივი მაუწყებელი? – ერთხმად ვუჭერ მხარს, რომ დამოუკიდებლობა დაკარგოს, რადგან მე ეს დამოუკიდებლობა არაფერში მეხმარება, არაფერში მარგია, ეს მე არაფერს მაძლევს, არ ისმის ჩემი ინტერესების, იდეოლოგიის პროპაგანდა – ჩემი აზრით, მხოლოდ ამიტომ მოხდა ის, რაც მოხდა და რატომაც იყო ასეთი ერთსულოვნება, გაერთიანება ამ კანონის ირგვლივ. არადა, ოდნავ მაინც ვინმეს რომ აღელვებდეს თუნდაც ის ფაქტი, რომ მეოცე საუკუნის დასაწყისიდან რადიოში და შემდგომ უკვე მეორე ნახევრიდან ტელევიზიაში ისტორიას, მათ შორის პოლიტიკურს, სოციალურს, საზოგადოებრივს, კულტურულს, ყველაფერს ინახავს, ესაა ის უნიკალური ინსტიტუცია, რომელიც მხოლოდ აქ არის თავმოყრილი. ეს უნდა გადარჩეს, იმიტომ კი არა, რომ მე ასე მინდა, მენეჯმენტს ან ვიღაცას ასე უნდა, იმიტომ, რომ ქვეყანას სჭირდება. ეს არის ის უნიკალური, რომელიც ყველა სხვა მედიასაშუალებიდან მას გამოარჩევს. თუნდაც ამისთვის არ შეიძლება, მას რამე შეუმცირო. იმედი მქონდა, რომ რომ გადავალთ ახალ შენობაში, ცოტა გაიზრდებოდა ბიუჯეტი და შესაძლებელი გახდებოდა იმ თანხების მობილიზება, რაც აუცილებელია არქივის გაციფრებასა და გადარჩენისთვის, რომელიც ნამდვილად უნიკალურია. მე ვიყავი ევროპის მაუწყებელთა კავშირის არქივების სამიტზე, ისინი ნამდვილად გაოგნებული არიან იმ სიმდიდრით, რაც ჩვენ გვაქვს. ასეთი ფოტო, ფონო, კინო, აუდიო, ყველაფერი ერთად, რაც შეიძლება იყოს თავმოყრილი – ძალიან ცოტა ტელევიზია და ძალიან ცოტა მედიასაშუალება იამაყებს ამით. სამი მილიონი მარტო მასალა გვაქვს აუდიოფონდში. წარმოგიდგენიათ, რა რაოდენობაა და ამას ხომ სჭირდება გაციფრება, დამუშავება, ამ ყველაფერს სჭირდება მოვლა-პატრონობა. ბუნებრივია, ტელევიზია მედიასაშუალებაა, რომელიც დღევანდელობაზე უნდა იყოს ორიენტირებული. ვერ მოვთხოვ მე მენეჯმენტს, ახლა გადაცემას ნუ გააკეთებ, სპორტულ ღონისძიებას ნუ იყიდი, მოდი, არქივისთვის მომეცი. მაყურებელი ამას ვერ გაიგებს, გეტყვის, რომ უკაცრავად, მაგრამ მე არ ვიცი, შენ არქივში რა გაქვს დღეს, მე მინდა დღეს ის გადაცემა, რომელიც მინდა. ამიტომ კომუნიკაციის არარსებობამ, როდესაც ვერ მივაწვდინეთ ხმა, რატომ გვჭირდება, დიახ, ფულზეა საუბარი, დიახ, მე, არქივს მჭირდება ფული, რადგან ფულის გარეშე არ გაიციფრება არქივი, შვიდი მილიონი ევრო, რომელიც იყო შარშანწინ, დღეს შეიძლება, გახდეს 9 მილიონი ევრო და კიდევ 15 შესაძლებელია, გახდეს. კი, ეს თანხა გვჭირდება, რადგან გადავარჩინოთ ჩვენი ისტორია, გადავარჩიონთ ჩვენი აუდიო, ვიზუალური ისტორია, რომელიც თავის დროზე გაიძარცვა, გაიქურდა, ბევრი მთავრობის დროს ყველამ ჯიბეში ჩაიდო და წაიღო, ვისაც რა უნდოდა აქედან, წაიშალა და განადგურდა, მაგრამ მაინც უნიკალური გვაქვს. ამას გადარჩენა სჭირდება და უფულოდ ეს არ გამოდის და არც გამოვა არასდროს“, – განაცხადა გოგა ჩართოლანმა.
ჩართოლანის თქმით, საზოგადოებრივ მაუწყებელს უნდა დავუტოვოთ ის ღირებულებები და იმ პრიორიტეტების განხორციელების საშუალება, რომელიც კანონით გაწერილია.
„მესმის, შეიძლება, ეს პროპაგანდისტული მანქანა არ არის, მაგრამ ჩვენი ისტორიისთვის, ჩვენი წარსულის შენარჩუნებისთვის მაინც ვიფიქროთ ამის გადარჩენაზე. არის ძალიან ბევრი პროპაგანდისტული არხი. ღმერთმა შეარგოს ყველას ყველაფერი, აქვთ ეს არეალი მათ და ნუ გავხდით ამასაც პროპაგანდისტულს, არ არის საჭირო, დავუტოვოთ მას ის ღირებულებები და იმ პრიორიტეტების განხორციელების საშუალება, რომელიც გვაქვს კანონით გაწერილი.
რაც შეეხება დაფინანსების ამ ნაწილს, ძალიან ბევრი ვიფიქრეთ მაშინაც და აქ იყო ჩამოსული მთელი ევროპის მაუწყებელთა კავშირის მენეჯმენტი, ვფიქრობდით სწორედ ამ მოდელის შემუშავებაზე, როგორი მოდელი იქნებოდა ყველაზე კარგი. ის 1.5 პროცენტი ვერ იმუშავებდა მაშინ, რადგან გაღატაკებულ ქვეყანაში დამატებით გადასახადს ვერ დააკისრებდი იმიტომ, რომ ტელევიზორი უდგას ადამიანს სახლში. ამიტომ შემუშავდა ეს მოდელი, რაზეც დიდი მხარდაჭერა გვქონდა. გვითხრეს, რომ ეს არის ნამდვილად საუკეთესო მოდელი და ამდენი წელიწადი მუშაობდა ეს მოდელი.
ასე რომ, ჰაერიდან არ მოსულა, გაიარა ძალიან ბევრი ექსპერტიზა, ვიდრე მოვიდა ეს კანონი იმ კანონამდე, რომელიც დღეს გვაქვს. შემდგომ სახეცვლილ კანონშიც მივიღე დიდი მონაწილეობა, როცა გაკეთდა ახალი მოდიფიცირებული კანონი. ამიტომ არ არის ასე მარტივად, აქ არიან ადამიანები, რომლებმაც ძალიან ბევრი რამ გააკეთეს საზოგადოებრივი მაუწყებლის იდეისთვის და დღეს კიდევ უფრო მეტს აკეთებენ, ვიდრე გააკეთეს წინა თაობებმა. საჭიროა ამ ადამიანებთან დიალოგი. მოვიდნენ ჩვენთან, არქივში, ჩავიყვანთ და ვაჩვენებთ, რა მდგომარეობაშია, თავიანთი თვალით ნახონ, როგორ შეიძლება, განადგურდეს და დღემდე ნადგურდება ძალიან ბგევრი ფირი, რადგან თუ არ გადაიწერა, ნადგურდება. მოვიდნენ და ნახონ, იქნებ მაშინ გაჩნდეს გულისტკივილი და თქვან, რომ, მოდით, გადავრჩინოთ ეს და დაგიმატებთ ამ ფულს“, – აღნიშნა გოგა ჩართოლანმა.