საზოგადოების დიდი ნაწილი, რომელმაც დიდი გზა გაიარა, მოიცვა გარკვეულმა ნიჰილიზმმა, რომელიც უკვე უპერსპექტივობის განცდასაც უტოვებს მათ, – ამის შესახებ საზოგადოებრივი მაუწყებლის არქივის ხელმძღვანელმა გოგა ჩართოლანმა განაცხადა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „თავისუფალი ხედვა“.
გოგა ჩართოლანის თქმით, ასეთი ადამიანები ფიქრობენ, რომ ძალადობასთან საბრძოლველად გარკვეულწილად სჭირდებათ განცდა, რომ ის ოდესმე დამარცხდება.
მისივე შეფასებით, ამ ადამიანებს სჭირდებათ გარკვეული მოტივაცია და ჩვენება, რომ ყველა შემთხვევაში აქვს აზრი, ძალადობას წინ აღუდგე.
„ყველაზე მეტად დასაფიქრებელი საზოგადოების სწორედ ის ჯგუფია, რომელიც შინ ზის. მან ძალიან კარგად იცის, რა არის თეთრი და რა შავი, თითქოს თავისთვის, მეგობრებში ამბობს, რომ ეს ძალიან ცუდია, ან ვიღაც ამბობს, რომ კი, გასაგებია, ცუდია, მაგრამ… მაგრამ თვითონ არ არის არათუ აქტიური, არამედ შემფასებელი იმ მოვლენების, რომელიც ხდება საზოგადოებაში და ეს ჯგუფი არ არის ის ჯგუფი, რომელსაც აზრი არ გააჩნია, ან შეფასების უნარი არ აქვს. მე სწორედ ეს ჯგუფი უფრო მაფიქრებს, რომლებსაც საკმაოდ კარგი განათლებაც აქვთ, ბევრიც უნახავთ, ავტორიტეტებიც არიან თავიანთ საქმიანობაში, მაგრამ ისინი არიან ჩუმად და აღშფოთებაა მხოლოდ ძალიან ვიწრო წრეში. ვფიქრობდი, რატომ ხდება ასე, იმიტომ, რომ ჯერ ერთი საზოგადოების დიდი ნაწილი, რომელმაც დიდი გზა გაიარა, 9 აპრილიდან მოყოლებული დღემდე, მოიცვა გარკვეულმა ნიჰილიზმმა, რომელიც უკვე უპერსპექტივობის განცდასაც უტოვებს ამ ადამიანებს.
ფიქრობენ, იცი რა, ახალგაზრდაც ვიყავი, 20-25 წლის, გამოვდიოდი, ვებრძოდი რუსის ჯარს, შემდეგ სხვა ჯარს, შემდეგ კიდევ სხვას. მეგონა, სამართლისთვის ვიბრძოდი, ძალადობას ვებრძოდი, შემდეგ აღმოჩნდა, რომ მოვიდა უფრო მეტი ძალადობა, შემდეგ კიდევ აღვშფოთდი, კიდევ გამოვედი და ბოლოს მივხვდი, რომ ამ ძალადობას რომ შევებრძოლო, და რაღაცნაირად დავამარცხო, გარკვეულწილად მჭირდება თუნდაც იმის განცდა, რომ ის ოდესმე დამარცხდება. საბოლოო ჯამში, ყველაზე საშინელი ნიჰილიზმი და შეგუება დაემართა საზოგადოებას.
ფიქრობენ, ვიდრე მე, ჩემს ოჯახის წევრს არ შეეხება, მანამდე ვიქნები ჩუმად. არის ამის მაგალითი, როცა ადამიანები ერთს მოუწოდებდნენ იგივე ეთერიდან, შემდეგ აღმოჩნდა, რომ მისი ოჯახის წევრს შეეხო ძალადობა, და იმ წუთში სხვა ტექსტით გამოვიდა აღშფოთებული, რადგან მისი ოჯახის წევრს შეეხო. ეს ადამიანები მთლად დამნაშავე არ არიან ამაში, რადგან მათ სჭირდებათ გარკვეული მოტივაცია და ჩვენება, რომ ყველა შემთხვევაში აქვს აზრი იმას, რომ ძალადობას წინ აღუდგე. მე მიმაჩნია, რომ ადამიანები, რომლებზეც მე ვსაუბრობ, არიან ჩვენი მაყურებლები. ძირითადად, ეს ადამიანები არიან ჩვენი მაყურებლები, რომლებსაც არ აქვთ სურვილი, რომ ეპატაჟში ჩაერთონ, თუნდაც შინ მყოფები.
ბევრია თუ ცოტა, ეს გარკვეული ფენაა ჩვენი საზოგადოების და სწორედ ამ ადამიანებთან კომუნიკაციაა საზოგადოებრივი მაუწყებლის ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი ფუნქცია, რომ ჩვენ მათთან თუნდაც ასეთი დიალოგი გავმართოთ და ვუთხრათ, რომ მოდით, ნუ ჩამოვყრით ყურებს. მე არ ვამბობ, რომ ვიღაცამ დროშა აიღოს ხელში, ან აუცილებლად ფარი და მახვილი ჰქონდეს. ყველას თავისი რესურსი აქვს, თავის დონეზე, სკოლაში შედის მასწავლებელი და იქ უნდა უთხრას ბავშვს; ვიღაც ექიმია, რომელიც თავის პაციენტს ეუბნება. ყველაზე მეტად რაც აკლია და დეფიციტია, ეს არის გონიერი სიტყვა ეთერიდან. ჩვენ გააზრებულად უნდა ვიმსჯელოთ იმაზე, რაც ჩვენს თავს ხდება დღეს“, – განაცხადა გოგა ჩართოლანმა.
ამასთან, გოგა ჩართოლანის თქმით, თავისუფლებისთვის ბრძოლასთან ერთად ჩანს, თითქოს ქართველი ხალხი მუდამ ვიღაც ძლიერი პატრონის ძიებაშია.
„ვამბობთ, უნდა გავერთიანდეთ, უნდა, უნდა, უნდა… ეს „უნდა“ იქნება მხოლოდ და მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ჩვენ გვინდა, ნამდვილად ვიყოთ დამოუკიდებელი და თავისუფალი ერი. შეიძლება, ძალიან არაპოპულარულ რამეს ვამბობ, მაგრამ როდესაც გადავხედავთ ჩვენს ისტორიას, მეჩვენება, თითქოს მუდამ ვიბრძვით თავისუფლებისთვის, მაგრამ მუდამ ვეძებთ პატრონს, მუდამ ვეძებთ ძლიერ პატრონს, რომელსაც მივცემთ ჩვენი მართვის დელეგირებას. გვინდა, გადავაბაროთ ჩვენი ქვეყნის მართვის სადავეები და მან გადაწყვიტოს, მან განსაზღვროს. ყოველთვის მახსენდება ძალიან ცუდი ფრაზა, 1990-იან წლებში როცა მივიღეთ დამოუკიდებლობა, ანეკდოტად დადიოდა, მაგრამ მთელი სერიოზულობით ლაპარაკობდა საზოგადოების ერთი ნაწილი და აბსოლუტურად გულწრფელად, რომ მოდი, ახლა გამოვაცხადოთ დამოუკიდებლობა და შემდეგ ამერიკას ჩავბარდეთ. რუსი კი არა, მოდი, ამერიკა უფრო კარგი მმართველი იქნება. ერთგვარი კაპიტულანტური ფსიქოლოგია ჩამოუყალიბდა ერს, რომელიც მუდამ პატრონის ძიებაშია. ქვეყანამ, ერმა, რომელსაც უნდა, იყოს დამოუკიდებელი ისტორიის განმავლობაში, მიაღწია ამ დამოუკიდებლობას. ყოველთვის მეჩვენება, რომ ჩვენ არ გვინდა, ვიყოთ მარტო და დამოუკიდებლები, ჩვენ გვინდა აუცილებლად ძლიერი პატრონი.
ყველანაირ ჯგუფს აქვს არსებობის უფლება, ეს ყველა ქვეყანაში ასეა. არის მოძალადე, მანიაკალური მოძალადეც, ყველანი არსებობენ, ეს ყველა საზოგადოებაშია, მაგრამ თანაარსებობის გარანტი უნდა იყოს ის ხელისუფლება, რომელსაც ჩვენ ვირჩევთ და ვიდრე არ მივეჩვევით იმას, რომ არჩევნების წინ გავაცნობიეროთ, ვის ვირჩევთ და არა შემდეგ ვიფიქროთ მის გადაყენებაზე, რადგან მუდამ ამას ვაკეთებთ, ავირჩევთ და ორ წელიწადში ვიწყებთ ბრძოლას მის ჩამოსაგდებად…ზოგადად, მე კატეგორიული წინააღმდეგი ვარ, რომ მთავრობები უნდა გადავაყენოთ. რას ჰქვია გადავაყენოთ, შინ წავიდეს და კარგად იყოს შემდეგ მთელი წაღებული მილიონებით? არა, პასუხი უნდა მოვთხოვოთ იმაზე, რასაც დამპირდა. არსად არ წახვალ, იქნები და შემისრულებ“, – აღნიშნა გოგა ჩართოლანმა.