გოგა ჩანადირი - დღეს სიცარიელეა და ადამიანები ერთმანეთს არ სტუმრობენ გერმანიაშიც კი, რომელიც ყოველთვის შობის მოდის კანონმდებელი იყო
დღეს სიცარიელეა და ადამიანები ერთმანეთს არ სტუმრობენ გერმანიაშიც კი, რომელიც ყოველთვის შობის მოდის კანონმდებელი იყო, – ამის შესახებ ფოტოჟურნალისტმა და სამოქალაქო აქტივისტმა, გოგა ჩანადირმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას განაცხადა.
„დღეს კათოლიკური სამყარო შობას აღნიშნავს და მინდა, მივულოცო იმ ეკლესიებს, რომლებიც ამ დღესასწაულს აღნიშნავენ. სწორედ კათოლიკური ეკლესია გამოვიდა ინიციატივით, შობაც კი არ აღენიშნათ ისე მასობრივად და სტუმრიანობით, როგორც აქამდე აღნიშნავდნენ. მე გერმანულ კულტურას ძალიან კარგად ვიცნობ, გერმანია ყოველთვის შობის მოდის კანონმდებელი იყო და დღეს, იქაც კი სიცარიელეა და ადამიანები ერთმანეთს არ სტუმრობენ. იმიტომ, რომ სხვები არ დააინფიცირონ და ერთმანეთი დაიცვან“, – განაცხადა ჩანადირმა.
ფოტოჟურნალისტმა მოქალაქეებს მიმართა, ახალი წელი საქართველოშიც მოკრძალებულად აღნიშნონ.
„იმას კი არ გეუბნებით, რომ ახალი წელი არ აღვნიშნოთ, უბრალოდ, მასობრივი თავშეყრის ადგილებისგან ცოტა ხნით შევიკავოთ თავი და მედპერსონალი ამოვასუნთქოთ. იმიტომ, რომ ეს შემთხვევითი ვირუსი არ არის და მათ დიდი ომი გადაიტანეს“, – განაცხადა ჩანადირმა.
მაკა ცინცაძის შეკითხვაზე, რამდენად აღმოჩნდა საზოგადოება ერთმანეთის სოლიდარული პანდემიის რთულ პერიოდში, გოგა ჩანადირმა განაცხადა, რომ ქართულმა საზოგადოებამ დიდი სოლიდარობა აჩვენა.
„იყვნენ მოხალისეები, რომლებიც ბავშვებს ამეცადინებდნენ და კომპიუტერულ უნარებს ასწავლიდნენ, რათა მათ დისტანციური სწავლისთვის გაერთვათ თავი; ზოგი მათგანი ადამიანებს ასწავლიდა, როგორ დაეცვათ ჰიგიენური ნორმები; იყვნენ ადამიანები, რომლებიც საბავშვო საქანელებს და სადარბაზოს სახელურებს წმენდდნენ და ა.შ. ერთმანეთზე ზრუნვა – აი, ეს არის პასუხისმგებლობა“, – განაცხადა ჩანადირმა.
სამოქალაქო აქტივისტი მოხალისეობის საკითხსაც შეეხო და აღნიშნა, რომ კარგი იქნება, თუ მოხალისეობა ინსტიტუციონალურადაც დაიხვეწება, რათა მოხალისეობრივი საქმიანობა კიდევ უფრო გაფართოვდეს.
„რეალურად, სახელმწიფო, ოჯახი და საზოგადოება მოხალისეებზე დგას. მინდა, თქვენს სტუმრებს ასეთი მოხალისეობრივი საქმიანობისთვის საჯაროდ დავუკრა ტაში. მადლობა თქვენ, რომ შეძელით და იმ პერიოდშიც კი, როცა არ მუშაობდით და თქვენს სამსახურზე უნდა გეფიქრათ, შეეცადეთ, მედპერსონალს დახმარებოდით. გერმანიაში ასეთი წესი და კულტურა აქვთ – როცა ახალგაზრდა სკოლას ამთავრებს და უმაღლეს სასწავლებელში უნდა შევიდეს, ერთი წელი შუალედი აქვს, რომ მოხალისე იყოს. ისინი გამოცდილებას იძენენ, რომ ცხოვრებაში გამოადგეთ და თან, ამით სახელმწიფოსა და უმაღლეს სასწავლებლებს ეუბნებიან, რომ რაღაც ეტაპი გადალახეს და ერთგვარ საგანმანათლებლო პრივილეგიას იღებენ. გახსოვთ, საბჭოთა პერიოდში ჯარგამოვლილს მეტი პრივილეგია რომ ჰქონდა და შეეძლო, კარიერულ წინსვლაზე ეფიქრა, ვიდრე ჯარმოუვლელს?! აი, აქაც დაახლოებით იგივეა. ვფიქრობ, მოხალისეობა ინსტიტუციონალურადაც უნდა დაიხვეწოს, რათა მოხალისეობრივი საქმიანობა კიდევ უფრო გაფართოვდეს“, – განაცხადა გოგა ჩანადირმა.