გოეთეს ინსტიტუტში საერთაშორისო კონფერენცია მიმდინარეობს
გოეთეს ინსტიტუტში საერთაშორისო კონფერენცია მიმდინარეობს

თემაზე – „განათლების ელჩები, ქვეყანათშორისი შუამავლები“ თბილისში, გოეთეს ინსტიტუტში საერთაშორისო კონფერენცია მიმდინარეობს.

კონფერენცია ორდღიანია და მასში ევროპის „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ქვეყნებიდან განათლების სფეროს ექსპერტები მონაწილეობენ, რომლებიც კონფლიქტების პრევენციის კუთხით განათლების მნიშვნელობაზე იმსჯელებენ.

პროგრამაში ჩართული 9 პარტნიორი უნივერსიტეტის განათლების ელჩები ერთობლივად შეიმუშავებენ ციფრულ სასწავლო პროგრამებს, როგორც კონფლიქტის მენეჯმენტში, ტრანსკულტურულ და ინტერკულტურულ კომუნიკაციაში, ასევე განათლების მდგრადი განვითარების სფეროში.

როგორც გოეთეს ინსტიტუტში აცხადებენ, პროგრამა „განათლების ელჩები: ქვეყანათაშორისი შუამავლები“ ორიენტირებულია გაერო-ს მიზანზე – „განათლება მდგრადი განვითარებისთვის“ და მის ძირითად იდეასა და პრინციპებს ემყარება. ინსტიტუტში განმარტავენ, რომ განათლების ელჩმა ხელი უნდა შეუწყოს მდგრად განვითარებაზე ორიენტირებულ აზროვნებასა და ქმედებებს საგანმანათლებლო დაწესებულებებში და აქტიურად დაუჭიროს მხარი საერთაშორისო თანამშრომლობას.

უნივერსიტეტების საერთაშორისო ასოციაციაში 9 უნივერსიტეტს შორს საქართველოს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი წარმოადგენს. პროგრამაში ასევე მონაწილეობენ ბრემენის უნივერსიტეტის მდგრადი განვითარების ვირტუალური აკადემია (გერმანია); ბოხუმის რურის უნივერსიტეტი (გერმანია); ოდერის ფრანკფურტის ევროპული უნივერსიტეტი (ვიადრინა, გერმანია); ყაზანის ფედერალური უნივერსიტეტი (რუსეთი); ტიუმენის სახელმწიფო უნივერსიტეტი (რუსეთი); მოსკოვის ეროვნული სამეცნიერო-კვლევითი უნივერსიტეტი “ეკონომიკის უმაღლესი სკოლა” (რუსეთი); კიევის ტარას შევჩენკოს სახელობის ეროვნული უნივერსიტეტი (უკრაინა); მარიუპოლის სახელმწიფო უნივერსიტეტი (უკრაინა).