საქართველოს გოეთეს ინსტიტუტში დღეს ევროკავშირის კულტურულ ინსტიტუციათა გაერთიანების (EUNIC -European Union National Institutes for Culture) ორგანიზებით ენების ევროპული დღე აღინიშნება.
გოეთეს ინსტიტუტში აცხადებენ, რომ ენების ევროპული დღისადმი მიძღვნილი პროგრამა მოიცავს კონკურსებს, ვორქშოფებს და მრავალ სხვა გასართობ და შემეცნებით აქტივობებს ევროპის ლინგვისტური და კულტურული მრავალფეროვნების აღსანიშნავად, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ მთელი დღის განმავლობაში 8-დან 18 წლამდე ასაკის მოსწავლეები.
გოეთეს ინსტიტუტში წლევანდელი ღონისძიების სპეციალური სტუმარია ფსიქოლოგი თამარ გაგოშიძე, რომელიც მშობლებისთვის გამართავს საჯარო ლექციას თემებზე: მოტივაციის როლი სწავლების პროცესში; უცხოური ენის შესწავლის ოპტიმალური ასაკი და აუცილებელი წინაპირობები.
ღონისძიებას მხარს უჭერს საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო და ევროკავშირის დელეგაცია საქართველოში.
ენების ევროპული დღე ევროპის საბჭოს მიერ 2001 წელს ევროპის კულტურული მრავალფეროვნებისა და მრავალენოვნების აღსანიშნავად დაწესდა. ეს დღე ყოველწლიურად 26 სექტემბერს აღინიშნება და მისი მიზანია ევროპის საბჭოს 47 წევრ ქვეყანაში მცხოვრები 800 მილიონი ადამიანის წახალისება, ისწავლონ უფრო მეტი ენა ნებისმიერ ასაკში, სკოლასა თუ მის ფარგლებს გარეთ. ლინგვისტური მრავალფეროვნება კულტურათაშორისი თავისებურებების და ევროპის მდიდარი კულტურული მემკვიდრეობის ერთ-ერთი უმთავრესი კომპონენტია, ამდენად, ევროპის საბჭო ფართოდ უწევს პოპულარიზაციას პლურილინგვალიზმს მთელს ევროპაში.
გოეთეს ინსტიტუტში ენების ევროპული დღისადმი მიძღვნილი პროგრამიდან აღსანიშნავია: ნორჩი მწერლების კონკურსი, სადაც მოსწავლეები დაწერენ მოკლე მოთხრობებს. ჟიურის წევრები იქნებიან ცნობილი ქართველი მწერლები – ანა კორძაია-სამადაშვილი და პაატა შამუგია. გამარჯვებულები დაჯილდოვდებიან განსაკუთრებული პრიზებით; კონკურსი გამოიცანი მელოდია, სადაც მონაწილეები ჯგუფურად შეეჯიბრებიან ერთმანეთს და გამოიცნობენ სხვადასხვა ქვეყნის ჰიტებს; არტ-თერაპიის ვორქშოფი, სადაც მონაწილეები თავად შექმნიან ხელოვნების ნიმუშებს, თვითონ დახატავენ ტექსტილზე ცნობილი ევროპელი მხატვრების ნახატებს და შექმნიან საკუთარ ბლოკნოტებს; ვორქშოფი „გვესაუბრე ჩვენც“, სადაც ბავშვები თავად ასწავლიან სტუმრებს ჟესტების ენაზე გარკვეულ საკომუნიკაციო ფრაზებს.