გოდერძის ალპური ბოტანიკური ბაღი გაიხსნა. კურორტ ბეშუმის მოსაზღვრედ მდებარე ალპურ ბაღში წარმოდგენილია აჭარის სუბალპური და ალპური ზონისთვის დამახასიათებელი უნიკალური მცენარეულობა და მრავალფეროვნება.
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის პრესცენტრის ინფორმაციით, ტერიტორიაზე წარმოდგენილია მეფუტკრეობის სადემონსტრაციო ზონაც, სადაც ვიზიტორებს ჯარას ველური თაფლის უნიკალური ტრადიციის გაცნობის საშუალება აქვთ.
პროექტი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის, შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC), არასამთავრობო ორგანიზაცია მერსი ქორფსის (Mercy Corps), „აჭარისწყალი ჯორჯიას“, ბათუმის, მიუნხენისა და ლოტარეს ბოტანიკური ბაღების მხარდაჭერით განხორციელდა.
გახსნის ცერემონიალს აჭარის მთავრობის თავჯდომარესთან ერთად საქართველოში შვეიცარიის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი დაესწრო.
„მსოფლიოში და ჩვენს ქვეყანაში ჯერ კიდევ ყველანი ერთად ვებრძვით პანდემიას. ამ ტიპის ატრაქციების გახსნა და ბუნების ძეგლის დამატება ამ ძალიან ლამაზი მუნიციპალიტეტისთვის იქნება მეტი წარმატების, მეტი ტურისტის კიდევ ერთი წინაპირობა. ჩვენ ყველა ერთად აქტიურად ვმონაწილეობთ კამპანიაში, რომელიც ემსახურება საქართველოში შიდა ტურიზმის სტიმულირებას. გოდერძის ალპური ბოტანიკური ბაღი იქნება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება, სადაც წარმოდგენილია როგორც ალპური, ასევე სუბალპური ნაირსახეობა, რომელიც მაღალმთიანი აჭარისთვის არის დამახასიათებელი. ჩვენ აქტიურად ვავითარებთ ინფრასტრუქტურას მაღალმთიან აჭარაში. არაუმეტეს სამი წლის განმავლობაში, ჩვენ გვექნება დასრულებული ხულო-გოდერძის მონაკვეთი. ამის პარალელურად მწვანე ტბის და ბეშუმის მიმართულებით არაერთი პროექტი ხორციელდება“, – განაცხადა სიტყვით გამოსვლისას აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ.