გოჩა თევდორაძე - მივდივართ წინ ნაბიჯ-ნაბიჯ, ჯერჯერობით საბოლოო შეთანხმებამდე ძალიან შორს ვართ
„პატრიოტთა ალიანსის“ წევრი, გოჩა თევდორაძე ფიქრობს, რომ ექვსპუნქტიან თეზისზე, რომელსაც დოკუმენტის სახე აქვს, მუშაობა ხვალაც გაგრძელდება.
თევდორაძის თქმით, საბოლოო შეთანხმებამდე ჯერ კიდევ დიდი დროა დარჩენილი.
„შეხვედრის დროს დავიწყეთ მუშაობა, ადრე ჩამოყალიბებული იყო ექვსპუნქტიანი თეზისი. დღეს ამას აქვს გარკვეული დოკუმენტის სახე. დავიწყეთ ამ დოკუმენტზე მუშაობა, პრაქტიკულად პუნქტობრივად ვმუშაობთ. არ მინდა, უფრო სიღრმეებში ჩავიდე, კონკრეტულად რა და როგორ. ვფიქრობ, დღეს ეს შეხვედრები ბოლომდე არ დასრულდება, ხვალაც გაგრძელდება მუშაობა ამ დოკუმენტზე. კარგი იქნება, თუ საბოლოოდ მივაღწევთ შეთანხმებას. ყოველ შემთხვევაში, ჯერჯერობით, რომ გითხრათ ძალიან სწრაფად მივდივართ შეთანხმებისკენ, ან ძალიან შორს ვართ შეთანხმებისგან, ასეთ მოსაზრებებზე ვერ ვისაუბრებ. ის ექვსი პუნქტი, რომელიც ჩამოყალიბდა თეზისების სახით, საზოგადოებისთვის ცნობილია. ამ საკითხებს ახლა უფრო ღრმა დოკუმენტის სახე აქვს.
თავისთავად ცხადია, ჩვენ ვიმსჯელებთ ყველა საკითხზე. ჯერჯერობით, საბოლოო შეთანხმებამდე ძალიან შორს ვართ. ვნახოთ, როგორ სახეს მიიღებს. დღეს ეს პროცესი არ დასრულდება, გაგრძელდება ხვალაც, თუ ეყო ეს ორი დღე. ვნახოთ, როგორი იქნება ჩვენი მუშაობა, როგორ შევჯერდებით ამ საკითხებზე. ვფიქრობთ, წინ მივდივართ ნაბიჯ-ნაბიჯ, მაგრამ მივალთ თუ არა საბოლოო შეთანხმებამდე, ამაზე საუბარი ჯერ ნაადრევია“, – განაცხადა გოჩა თევდორაძემ.