გოჩა თევდორაძე - ჩვენ არ გვაქვს ილუზია და ნურც სხვა პოლიტიკურ ძალებს ექნებათ, რომ ვინმე დამოუკიდებლად შეძლებს უმრავლესობის მოპოვებას
გოჩა თევდორაძე - ჩვენ არ გვაქვს ილუზია და ნურც სხვა პოლიტიკურ ძალებს ექნებათ, რომ ვინმე დამოუკიდებლად შეძლებს უმრავლესობის მოპოვებას

სამთავრობო თუ „ნაციონალური მოძრაობის“ კონტროლირებად სატელევიზიო არხებზე გამოსვლის საშუალება ჩვენ არ მოგვეცა წინასაარჩევნოდ და მინდა, ვისარგებლო საზოგადოებრივი არხის ეთერით, – ამის შესახებ „საქართველოს პატრიოტთა ალიანსის“ წარმომადგენელმა, გოჩა თევდორაძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „დებატები“ სტუმრობისას განაცხადა.

„მინდა, გითხრათ, რომ მე წარმოვადგენ საქართველოს პატრიოტთა ერთობას, სადაც გაერთიანებულია 11 პოლიტიკური ძალა და 43 არასამთავრობო ორგანიზაცია, რომლებიც ვდგავართ იმ პლატფორმაზე, რომ ამ ქვეყანაში შევინარჩუნოთ თვითმყოფადობა, ამ ქვეყანას მივცეთ ღირსეული განვითარების საშუალება, ამ ქვეყნის ყველა პენსიონერს პენსია გაეზარდოს, მისი საპენსიო ასაკი შემცირდეს და ა.შ. ჩვენ ვიცით, როგორ განვავითაროთ მცირე ბიზნესი, საოჯახო ბიზნესი და საშუალო ბიზნესი, როგორ აღორძინდეს ეკონომიკა და როგორ ჩავაყენოთ სახელმწიფო და თავად ხელისუფლება ხალხის სამსახურში და არა პირიქით, როგორც დღეს არის, როცა ხალხი დგას სახელმწიფოს სამსახურში“, – განაცხადა თევდორაძემ.

გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, ვისთან ითანამშრომლებს „საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“ მანდატების მოპოვების შემთხვევაში და რა იქნება მათი მთავარი პირობა, რომელსაც სხვა პარტიებისგან მოითხოვს კოალიციური მთავრობის შესაქმნელად, გოჩა თევდორაძემ განაცხადა, რომ „საქართველოს პატრიოტთა ალიანსის“ მხარდამჭერთა რიცხვი არის სოლიდური, ალიანსი ბარიერსაც გადალახავს და პარლამენტში სოლიდური რაოდენობითაც იქნება წარმოდგენილი, რაც იმის წინაპირობა იქნება, რომ დამთავრდება „ქართული ოცნებისა“ და „ნაციონალური მოძრაობის“ ერთობლივი, შეხმატკბილებული მმართველობა.

„ჩვენ არ გვაქვს ილუზია და ნურც სხვა პოლიტიკურ ძალებს ნუ ექნებათ, რომ ვინმე დამოუკიდებლად შეძლებს უმრავლესობის მოპოვებას. ჩვენც არ გვაქვს ეს ამბიცია, რომ დამოუკიდებლად, უმრავლესობით ვიქნებით წარმოდგენილი, მაგრამ ვიქნებით სოლიდურად წარმოდგენილი, რომელიც დააბალანსებს სიტუაციას და სწორედ ჩვენ ვიქნებით ინიციატორი იმ ყველა სასიკეთო წამოწყების, რომელიც აუცილებელია ამ ქვეყნისთვის და საქართველოს მოსახლეობისთვის არის აუცილებელი. დღეს ალბათ ნაადრევია იმაზე საუბარი, კონკრეტულად ვისთან შეიძლება, გაკეთდეს ან კოალიცია, ან თემატური თანხვედრა იყოს რომელიმე საკითხთან დაკავშირებით. ამას დრო გვიჩვენებს. ამას ვნახავთ არჩევნების შემდეგ, თუ რომელი ძალებით დაკომპლექტდება პარლამენტი და რა რიცხოვნობით იქნებიან წარმოდგენილი პოლიტიკური ძალები“, – განაცხადა თევდორაძემ.