გოჩა ლორთქიფანიძის ჰააგაში სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მოსამართლედ წადგენას საქართველოს პარლამენტმა მხარი დაუჭირა
იუსტიციის მინისტრის მოადგილეს, გოჩა ლორთქიფანიძეს ჰააგაში სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მოსამართლედ ასარჩევად წარადგენენ. მისი კანდიდატურის წარდგენას საქართველოს პარლამენტში უყარეს კენჭი და მხარი 91-მა დეპუტატმა დაუჭირა. კენჭისყრა პარლამენტში განხილვის გარეშე გაიმართა.
„გოჩა ლორთქიფანიძის კანდიდატურა იქნება წარდგენილი. იმედს გამოვთქვამ, რომ ის საბოლოოდ იქნება სასამართლოს მიერ მოსამართლედ დამტკიცებული და სასიამოვნოა, როდესაც მისი კანდიდატურის გარშემო არსებობს ერთსულოვანი მხარდაჭერა. ის ნამდვილად იმსახურებდა ამ მხარდაჭერას თავისი ქვეყნის პარლამენტის მხრიდან. მინდა წარმატებები ვუსურვო ბატონ გოჩა ლორთქიფანიძეს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოში“, – განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ.
2020 წლის დეკემბერში ჰააგის სასამართლოს მე-19 ასამბლეაზე ექვსი ახალი მოსამართლე უნდა შეირჩეს. მათ შორის, ერთი მოსამართლე აირჩევა აღმოსავლეთ ევროპის ვაკანტურ კვოტაზე, ვინაიდან ამ რეგიონიდან არჩეულ ჩეხ მოსამართლეს ვადა ეწურება. საქართველო სწორედ აღნიშნულ პოზიციაზე წარადგენს კანდიდატს.
გოჩა ლორთქიფანიძე იუსტიციის მინისტრის მოადგილეა. ის, ასევე, ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს დაზარალებულთა ფონდის დირექტორატის წევრია.