გოჩა ლორთქიფანიძე - სტრასბურგში წარდგენილ მტკიცებულებებში არის საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტების რეპორტაჟები, რომლებსაც 2008 წლის ომისას თავდადებით და გმირულად აკეთებდნენ, მინდა, მადლობა გადავუხადო
გოჩა ლორთქიფანიძე - სტრასბურგში წარდგენილ მტკიცებულებებში არის საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტების რეპორტაჟები, რომლებსაც 2008 წლის ომისას თავდადებით და გმირულად აკეთებდნენ, მინდა, მადლობა გადავუხადო

სტრასბურგში, ომის საქმეზე, საქართველოს მხრიდან წარდგენილ მტკიცებულებებში არის ის რეპორტაჟები, რომლებსაც საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტები თავდადებით და გმირულად აკეთებდნენ 2008 წლის ომის მიმდინარეობისას, რისთვისაც მინდა, მადლობა გადავუხადო მათ, – ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს იუსტიციის მინისტრმა, გოჩა ლორთქიფანიძემ განუცხადა.

მან აღნიშნა, რომ ჯამში ევროსასამართლოში 700 მტკიცებულება აქვს საქართველოს წარდგენილი, რომლებიც მყარია და ეს ქმნის მოლოდინს, რომ 21 იანვარს ევროსასამართლოს გადაწყვეტილება საქართველოს სასარგებლო იქნება.

„მტკიცებულებათა ბაზა, რაც განსაკუთრებით 2013 წლის შემდეგ წარვადგინეთ, მოიცავს 700-მდე დოკუმენტს ფოტო-ვიდეო და აუდიო მასალებს, განაღმვის მასალებს, ომის მიმდინარეობის პერიოდში რადარის მონაცემებს, სეისმური სადგურის ჩანაწერებს და რაც განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია რაკეტა „ისკადერის“ ფრაგმენტებს. ეს არის მართლაც შთამბეჭდავი და მყარი მტკიცებულებები, რაც საშუალებას გვაძლევს, ვიყოთ რწმენით, რომ 21 იანვარს სტრასბურგის სასამართლო ტრადიციულად აღმოჩნდება იმ როლში, რაც ევროპული საჯარო წესრიგის ფარგლებში აღადგენს სამართლიანობას და მოემსახურება მართლმსაჯულების მიზნებს და ევროსასამართლო მიიღებს იმ გადაწყვეტილებას, რომლის ღირსიც არის ეს ქვეყანა და რაც იქნება სამართლიანი“, – განაცხადა გოჩა ლორთქიფანიძემ.

მისი თქმით, სარჩელში საუბარია დაახლოებით რვა უფლების დარღვევაზე, მათ შორისაა სიცოცხლის უფლების დარღვევა, წამების აკრძალვა, ფიზიკური ხელშეუხებლობის მუხლის დარღვევა, განათლების უფლების დარღვევა და ა. შ.