გოჩა ლორთქიფანიძე - სტრასბურგის სასამართლოს ისტორიული გადაწყვეტილება აძლიერებს რუსეთის წინააღმდეგ 2018 წელს შეტანილ სახელმწიფოთაშორისო საჩივარს, რომელიც განგრძობად ოკუპაციას ეხება
გოჩა ლორთქიფანიძე - სტრასბურგის სასამართლოს ისტორიული გადაწყვეტილება აძლიერებს რუსეთის წინააღმდეგ 2018 წელს შეტანილ სახელმწიფოთაშორისო საჩივარს, რომელიც განგრძობად ოკუპაციას ეხება

საქართველოს იუსტიციის მინისტრობის კანდიდატის გოჩა ლორთქიფანიძის განცხადებით, სტრასბურგის სასამართლოს 21 იანვრის ისტორიული გადაწყვეტილება აძლიერებს რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ საქართველოს 2018 წელს შეტანილ სახელმწიფოთაშორისო საჩივარს, რომელიც განგრძობად ოკუპაციას ეხება.

„რამდენიმე მნიშვნელოვანი პრინციპი გამომდინარეობს სტრასბურგის 21 იანვრის გადაწყვეტილებიდან. პირველი ის, რომ რუსეთს ოკუპირებული აქვს ჩვენი ორივე რეგიონი, მას პასუხისმგებლობა ეკისრება ეთნიკური წმენდისთვის, ასევე, სასამართლო პირდაპირ ამბობს, რომ მას ეკისრება პასუხისმგებლობა დევნილების დაბრუნებსითვის. რა ზეგავლენა შეიძლება ჰქონდეს ამას და რას ავპირებთ გადაწყვეტილების აღსასრულებლად – ჩვენ ერთი წელი მოგვცა კომპენსაციის საკითხზე პოზიციების გაცვლისთვის სასამართლომ და კომპენსაციის საკითხის გარდა, ამ ერთი წლის განმავლობაში ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ მინისტრთა კომიტეტმა რაც შეიძლება სწრაფად დაიწყოს კომპენსაციის და სხვა საკითხების, მათ შორის დევნილების დაბრუნების საკითხის აღსრულების კონტექსტში განხილვა. სტრასბურგის სასამართლოს 21 იანვრის ისტორიული გადაწყვეტილება აძლიერებს რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ 2018 წელს შეტანილ ჩვენს სახელმწიფოთაშორისო საჩივარს, რომელიც ეხება განგრძობად ოკუპაციას. თქვენს ყურადღებას მივაქცევ იმას, რომ ამ შემთხვევაშიც სასამართლო საუბრობს განგრძობად ოკუპაციაზე, როგორც რუსეთის ფედერაციის ადმინისტრაციულ პრაქტიკაზე. ანუ, აქტიურად დაიწყება უკვე ამ საქმის წარმოება, ამ საქმეს ძალიან აძლიერებს 21 იანვრის გადაწყვეტილება“, – განაცხადა გოჩა ლორთქიფანიძემ.

გარდა ამისა, ლორთქიფანიძის განმარტებით, საგარეო სქმეთა სამინისტროსთან ერთად ინტენსიურად გამოიყენებენ სტრასბურგის გადაწყვეტილებას სამართლებრივ და პოლიტიკურ ფორუმებზე განხილვისთვის.

„ჩვენმა დასავლელმა პარტნიორებმა განცხადება გააკეთეს, სადაც რუსეთის ფედარაციისგან მოითხოვენ, რომ მან აღასრულოს სტარასბურგის სასამრთლოს გადაწყვეტილება. ეს ასევე ხელს შეუწყობს და გააძლიერებს დევნილების შესახებ რეზოლუციას, რომელიც ყოველწლიურად გააქვს საქართველოს გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზე. სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას და ჟენევის მოლაპარაკებების ფორმატს თითქმის ერთი და იგივე საკითხები აქვს განსახილველი, აქედან გამომდინარე, ის ხელს შეუწყობს ქართული პოზიციების გაძლიერებას ჟენევის მოლაპარაკებების ფორმატში“, – აღნიშნა გოჩა ლორთქიფანიძემ.