გოჩა ლორთქიფანიძე - პენიტენციურ სისტემაში ვითარება სრულად ექვემდებარება კონტროლს
გოჩა ლორთქიფანიძე - პენიტენციურ სისტემაში ვითარება სრულად ექვემდებარება კონტროლს

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე საქართველოს იუსტიციის მინისტრმა გოჩა ლორთქიფანიძემ პენიტენციურ სისტემაში covid-19-თან დაკავშირებით არსებულ მდგომარეობაზე ისაუბრა.

„მოგეხსენებათ, 2020 წლის მარტიდან უკვე გატარდა კომპლექსური პრევენციული ღონისძიებები, როგორიც არის საკარანტინო ზონების მოწყობა, რეგულარული თერმოსკრინინგი, ტესტირება, მობილობის შემცირება პენიტენციურ დაწესებულებებში და ამ ძალისხმევის შედეგად ჩვენ მივიღეთ ის შედეგი, რაც გვაქვს. ჩვენ ახლა გვიყურებს პენიტენციური სისტემის ყველა თანამშრომელი, ვისაც მინდა მადლობა გადავუხადო ამ თავდადებული შრომისთვის და იმისათვის, რომ 10 თვის განმავლობაში ჩვენ შევძელით კოვიდის გარეშე სისტემის შენარჩუნება. ვიტყვი პირდაპირ, რომ ეს ვერ მოახერხეს მსოფლიოს, ევროპის წამყვანმა სახელმწიფოებმა და ამ მიღწევის შესახებ საუბარი იყო 2020 წლის ნოემბერში ევროპის საბჭოს მიერ გამოქვეყნებულ კვლევაშიც. რა თქმა უნდა, არასერიოზული იქნება იმისი მოლოდინი და მტკიცება, რომ ჩვენ უსასრულოდ შევძლებდით ისეთი ვირუსის შეჩერებას, რომელმაც მოიცვა მთლიანად მსოფლიო. რომ შევაფასოთ, აღსანიშნავი ის კი არ არის, რომ ოდესღაც ვირუსმა შეაღწია პენიტენციურ სისტემაში, არამედ აღსანიშნავია, რა რეზულტატი მოგვცა ჩვენ 10 თვით ვირუსის შეკავებამ. ამას აქვს ძალიან კონკრეტული შედეგები და გამოხატულება. კერძოდ, ჯანდაცვის სისტემა, პენიტენციური სისტემის ჯანდაცვის სეგმენტის ჩათვლით, სრულად მომზადებულია, რომ ვმართოთ ინფიცირების ყოველი შემთხვევა. ეს რომ არ ყოფილიყო, ძნელად წარმოსადგენია, რა შედეგები გვექნებოდა“, – განაცხადა იუსტიციის მინისტრმა.

მისი თქმით, დღეისთვის პენიტენციურ სისტემაში ვირუსი კონტროლს ექვემდებარება, სრულად არის მართვადი და გამომდინარე ახალი ეტაპიდან, როგორც კი პირველი სიმპტომები გაჩნდა, პენიტენციურმა სისტემამ დაიწყო ყველა პენიტენციური დაწესებულების ინტენსიური ტესტირება, ინფიცირებული პატიმრების გამოვლენა, იზოლირება და მკურნალობა.

„ამას აქვს სისტემური ხასიათი და ახლაც გრძელდება. დღეის მდგომარეობით, PCR ტესტირება ჩატარებულია ოთხ დაწესებულებაში. ეს არის არასრულწლოვანთა, ქალთა, ბათუმის და გეგუთის დაწესებულებები. მინდა აღვნიშნო, რომ ქალთა პენიტენციური დაწესებულების გარდა ვირუსის ნიშნები არსად გამოვლენილა. ბოლოს, ვრცელდებოდა სხვადასხვა სახის ინფორმაცია, განსაკუთრებით, რომ გეგუთი დაიცალა, რომ გეგუთში მძვინვარებს ეპიდემია და ა.შ. გეგუთი მართლაც დაიცალა, მაგრამ ჯანღისგან დაიცალა და გამოჩნდა რეალური სურათი, რაც გვაქვს და რის შესახებაც ჩვენ პრაქტიკულად ყოველთვის გატყობინებთ. კერძოდ, გეგუთში 763 ტესტიდან ყველა არის უარყოფითი. ეს მაგალითი კიდევ ერთხელ მეტყველებს იმაზე, რომ არ შეიძლება გადაუმოწმებელი და დაუზუსტებელი ინფორმაციის გავრცელება, მით უმეტეს, ისეთ მგრძნობიარე თემებზე, როგორიცაა პენიტენციური სისტემა და შეიძლება პატიმრებისა და მათი ოჯახის წევრების შეშფოთება გამოიწვიოს. არასწორი ინფორმაციის გავრცელებაში, რაც არ უნდა პოლიტიკური ოპონირების რეჟიმში ვიყოთ და პოლიტიკურ მიზნებს ვემსახურებოდეთ, საბოლოოდ ამ ქვეყანაში მთლიანად საზოგადოება იზომება ჩემი, თქვენი ურთიერთობით და ქცევით, როგორ ვეპყრობით ჩვენ პენიტენციურ სისტემას და როგორი ადამიანები ვართ ჩვენ. ახლა, ამ წუთებში, როდესაც ვსაუბრობთ, ინტენსიური ტესტირება მიმდინარეობს N2 პენიტენციურ ქუთაისის დაწესებულებაში, ბრალდებულ/მსჯავრდებულებს უტარდებათ PCR ტესტირება და არ უნდა ვიფიქროთ, რომ ინტენსიური ტესტირება განყენებულად არის რაღაც პანაცეა”, – განაცხადა გოჩა ლორთქიფანიძემ.

მინისტრის თქმით, ინტენსიურ ტესტირებამდე მუშაობს covid-19-ის აღმოჩენის, კონტროლისა და მართვის სისტემა.

„სიმპტომების აღმოჩენისა და დადასტურების შემთხვევაში სამოქალაქო სექტორის კლინიკაში PCR ტესტირების შედეგად covid-19 ოთხ პატიმარს დაუდასტურდა, ორი მათგანი არის ქსნის პენიტენციური დაწესებულების მსჯავრდებული, ერთი არის რუსთავის, ხოლო ერთი – N8 პენიტენციური დაწესებულების საკარანტინო სივრციდან“,- აღნიშნა ლორთქიფანიძემ.

აქვე მინისტრმა განმარტა, რომ ვინაიდან მოცემული პირი N8 დაწესებულების საკარანტინო სივრციდან იყო სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანილი, ეს იმას ნიშნავს, რომ იგი პენიტენციურ დაწესებულებაში არ ყოფილა და დაწესებულების დანარჩენ კონტინგენტთან შეხება არ ჰქონია. მისივე თქმით, პატიმრებისთვის ჩატარებული ყველა ტესტირების შედეგები საზოგადოებას ეტაპობრივად ეცნობება.