გოჩა ლორთქიფანიძე - ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების მხრივ არსებული ვითარება მოექცეს მონიტორინგის ქვეშ
ყველა ესწრაფვის, რომ ჟენევის მოლაპარაკებებს შედეგი ჰქონდეს, მაგრამ უნდა გვესმოდეს ამ დინამიკის მნიშვნელობა, – ამის შესახებ პირველ არხს საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელმა, გოჩა ლორთქიფანიძემ ჟენევაში განუცხადა.
„ეს არის ერთადერთი ფორმატი, სადაც რუსეთის ფედერაციას ვხდებით და კონფლიქტის მოწესრიგებაზე ვლაპარაკობთ. ყურადღებას მივაპყრობთ ადამიანის უფლებების დარღვევებზე, ქართველების უფლებების დარღვევებზე და ჩვენს წინაშე რამდენიმე ძირითადი ამოცანაა. ჩამოყალიბებული ტრაგიკული პრაქტიკა კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ განსაკუთრებული ყურადღების მიპყრობაა აუცილებელი“, – აღნიშნა ლორთქიფანიძემ.
მისივე თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების მხრივ არსებული ვითარება მოექცეს მონიტორინგის ქვეშ.
„მოლაპარაკებების მონაწილეებს რამდენჯერმე შევთავაზეთ წინადადებები. დღეს ისევ გავაკეთებთ აქცენტს. განსაკუთრებით პრინციპულად ვისაუბრებთ ტატუნაშვილის საქმეზე და ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ დადგეს დამნაშავეების პასუხისმგებლობის საკითხი“, – განაცხადა გოჩა ლორთქიფანიძემ.
ჟენევაში საერთაშორისო მოლაპარაკებების 44-ე რაუნდი იმართება.