გოჩა ლორთქიფანიძე - ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში საქართველოს წინააღმდეგ 2012 წლამდე 5 ათასზე მეტი საჩივარი იყო შეტანილი, რაც რვაჯერ შემცირდა
2011-2013 წლებში ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში საქართველოს წინააღმდეგ საშუალოდ 400 საჩივარი შედიოდა, 2013 წლის შემდეგ ეს საშუალოდ 100 საჩივრამდე შემცირდა, – ამის შესახებ იუსტიციის მინისტრის მოადგილე გოჩა ლორთქიფანიძემ განაცხდა.
მისი თქმით, 2012 წლამდე 5 ათასზე მეტი საჩივარი იყო შეტანილი, რაც ციფრებში დაახლოებით რვაჯერ არის შემცირებული.
„მთლიანი ხვედრითი წილი საქართველოს მიმართ საქმეების, რაც შევიდა ევროპულ სასამართლოში, 2012 წლამდე და 2013 წლის შემდეგ, განახევრდა. 5 ათასზე მეტი საჩივარი იყო შეტანილი 2012 წლამდე და ციფრებში გამოხატული რვაჯერ შემცირდა. 2013 წლის შემდეგ არის 732 საქმე. ეს მთლიანობაში ძალიან კარგად ასახავს ზოგად სურათს. 2012 წლის შემდეგ, ქვეყანაში ადამიანის უფლებების დაცვა ყოველდღიურობის ნაწილი გახდა. არ შეიძლება, იყოს რამე სხვა შედეგი, რადგან გატარდა სისტემური რეფორმები – სასამართლო რეფორმა, სახელმწიფო ინსპექტორის ინსტიტუტის შემოღება, პროკურატურის რეფორმას და მისი საკონსტიტუციო დამოუკიდებლობა. 2 მილიონ ევრომდე აქვს სახელმწიფოს დაზარალებულებისთვის, რაც შეადგენს დაახლოებით 6 მილიონ ლარამდე“, – განაცხადა გოჩა ლორთქიფანიძემ.
პარლამენტში ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებების აღსრულების 2019 წლის ანგარიშზე მსჯელობენ. ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის წევრებს ანგარიშს იუსტიციის მინისტრის მოადგილე გოჩა ლორთქიფანიძე აცნობს. დღევანდელ განხილვას „ნაციონალური მოძრაობისა” და „ევროპული საქართველოს” წარმომადგენლები არ ესწრებიან.