გოჩა ლორთქიფანიძე - 2008 წლის ომის საქმეზე 2021 წლის 21 იანვარს გამოცხადდება გადაწყვეტილება და ჩვენ გვაქვს მყარი სასიკეთო მოლოდინი, რაც განპირობებულია 2013 წლიდან გაწეული ძალისხმევით
2008 წლის ომის საქმეზე 2021 წლის 21 იანვარს გამოცხადდება სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება, ჩვენ გვაქვს მყარი მოლოდინი და ჩვენი მყარი, სასიკეთო მოლოდინი განპირობებულია უზარმაზარი ძალისხმევით, რაც გაკეთდა 2013 წლიდან, – ამის შესახებ იუსტიციის მინისტრობის კანდიდატმა, გოჩა ლორთქიფანიძემ პარლამენტის რამდენიმე გაერთიანებული კომიტეტის სხდომაზე განაცხადა.
როგორც გოჩა ლორთქიფანიძემ განაცხადა, 2019 წლის 23 მაისს 2008 წლის ომის საქმის ბოლო მოსმენაზე წარდგენილი იქნა 700-მდე მტკიცებულება.
„ჩვენი სიმართლე გამყარებულია მტკიცებულებებით, ამიტომ შესაბამისად, შედეგი, ამ ქვეყანამ უნდა მიიღოს ადეკვატური, ამ მტკიცებულებების სიმყარის და ამ სიმართლის სიმყარის. მომდევნო წლების განმავლობაში ევროპული სასამართლო აქტიურად დაიწყებს საქართველოს მიერ 2018 წელს რუსეთის წინააღმდეგ წარდგენილი ახალი სახელმწიფოთაშორისი საქმის განხილვას, რომელიც ეხება განგრძობადი ოკუპაციის შედეგად საქართველოს მოქალაქეების უფლებების დარღვევას. შესაბამისად, ჩვენ ამ საქმეზეც მოგვიწევს მასშტაბური სამუშაოების ჩატარება და ყველა სხვა უწყებასთან ერთად ამ გამოწვევებისთვის მზად ვართ. ასევე გაგრძელდება ე.წ. დეპორტირებულების საქმის აღსრულებაზე ინტენსიური მუშაობა ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის წინაშე. ჩვენი აქტიურობის შედეგად, ეს საქმე განიხილება მინისტრთა კომიტეტის ყოველ შეხვედრაზე. კომიტეტმა რუსეთი არაერთხელ მკაცრად გააკრიტიკა თანხის გადაუხდელობის გამო, ამ ეტაპზე შეიძლება ითქვას, რომ გვაქვს მცირე წინსვლა, რადგან სულ რამდენიმე დღის წინ კომიტეტის ბოლო სხდომის ფარგლებში რუსეთი დათანხმდა, რომ თანხის გადახდის პროცესში განიხილავს ევროსაბჭოს შუამავლობის საკითხს და საბოლოო პოზიციის დასაფიქსირებლად რუსეთს ვადა მიეცა 2021 წლის პირველ თებერვლამდე“, – განაცხადა გოჩა ლორთქიფანიძემ.
მისივე თქმით, მომდევნო წლებში უფრო აქტიურ ფაზაში შევა ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორის ოფისის მიერ 2008 წლის ომის საქმის გამოძიება.
„ეს იქნება სამინისტროს ერთ-ერთი ძირითადი პრიორიტეტი, რათა მოხერხდეს სამართლიანობის აღდგენა ეთნიკური წმენდისა და სხვა დანაშაულების მსხვერპლი საქართველოს მოქალაქეებისათვის. ჩვენ ამ პროცესში უკვე მივაღწიეთ მნიშვნელოვან სამართლებრივ შედეგებს და 2016 წელს სასამართლომ აღნიშნა, როდესაც მან გასცა ნებართვა საქართველოში 2008 წლის ომის მიმართ გამოძიების დაწყების შესახებ, რომ 2008 წელს რაც მოხდა, ეს იყო საერთაშორისო სამხედრო კონფლიქტი რუსეთსა და საქართველოს შორის, რუსეთი ცხინვალის რეგიონზე ახორციელებდა კონტროლს და ცხინვალის რეგიონი არის საქართველოს განუყოფელი ნაწილი. ასევე თქვენს ყურადღებას მივაპყრობ, რომ ჰააგის სასამართლოს დაზარალებულთა ფონდმა, რომლის დირექტორატის წევრი ამჟამად ვარ 2008 წლის აგვისტოს ომის მსხვერპლთათვის დაამტკიცა 600 000 ევროს მოცულობის დახმარების სამწლიანი პროგრამა, პროგრამის დეტალები დაზუსტდება 2021 წლის განმავლობაში“, – განაცხადა გოჩა ლორთქიფანიძემ.