გოჩა ჯავახიშვილი - ჩვენთვის მთავარია საქმის ბოლომდე მიყვანა, ძირითადი პრიორიტეტი იქნება ევროკავშირის ინტეგრაციის გზაზე მოლაპარაკებების დაწყების ხელშეწყობა
ჩვენთვის მთავარია საქმის ბოლომდე მიყვანა. ძირითადი პრიორიტეტი იქნება ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე მოლაპარაკებების დაწყების ხელშეწყობა, – ამის შესახებ საფრანგეთში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, გოჩა ჯავახიშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, რამდენიმე მნიშვნელოვანი ვიზიტია დაგეგმილი.
„საფრანგეთი არის ევროკავშირის ერთ-ერთი დამფუძნებელი ქვეყანა, ერთ-ერთი ლოკომოტივი ქვეყანა ევროკავშირის პოლიტიკისა და ძალიან მნიშვნელოვანი იყო საფრანგეთის მხარდაჭერის მოპოვება, ევროკავშირის წევრობის კანდიდატობის მიღების პროცესში მისი ქმედითი მხარდაჭერა. იცით, რომ რამდენიმე მნიშვნელოვანი ვიზიტი განხორციელდა 2023 წელს, მათ შორის მთავარი ვიზიტი იყო პრემიერ-მინისტრის, როდესაც მაკრონისგან მიიღო მხარდაჭერის დადასტურება. ასევე ვიზიტები გვქონდა საპარლამენტო, მინისტრების დონეზე. პროდუქტიული, დატვირთული წელი გვქონდა. რასაკვირველია, ჩვენი მთავარი პრიორიტეტი იყო, ყველაფერი გაგვეკეთებინა და კანდიდატის სტატუსი მიგვეღო. ასეც მოხდა. იმედიანად ველოდებოდით ამ გადაწყვეტილებას, რადგან საფრანგეთში ყველა ინსტიტუცია – პარლამენტი, აღმასრულებელი ხელისუფლების სხვადასხვა სტრუქტურა გვიდასტურებდა, რომ საფრანგეთი მხარს გვიჭერდა საქართველოს მიერ განხორციელებული რეფორმების, პროექტების, გადადგმული ნაბიჯების საფუძველზე.
ჩვენ ვაცნობიერებთ, რომ ამით არაფერი დასრულებულა, პირიქით, ამ მნიშვნელოვანი ეტაპის შემდეგ იწყება მთავარი, რომ გავაგრძელოთ მუშაობა. ჩვენთვის მთავარი არ არის სტატუსის მიღწევა, ქვეყნის სიკეთისთვის გვჭირდება რეფორმები, რომლებსაც ვახორციელებთ. ვგეგმავთ მნიშვნელოვან ვიზიტებს, ვმუშაობთ, რომ საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტი შედგეს, რომელიც ახლო აღმოსავლეთში მდგომარეობის გაუარესების გამო შემოდგომის ბოლოს გადაგვედო. მოგეხსნებათ, მომავალი წელი პარიზში არის ოლიმპიური თამაშების წელი და ვიზიტები უნდა მოვასწროთ მანამდე. ჩვენი ძირითადი პრიორიტეტი იქნება ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე მოლაპარაკებების დაწყების ხელშეწყობა, რათა დავაჩქაროთ პროცესი და პარტნიორებს არ დარჩეთ განცდა, რომ სტატუსის მიღების შემდეგ ერთგვარად მოვეშვით. პირიქით, უნდა დავადასტუროთ, რომ ჩვენთვის მთავარია ამ საქმის ბოლომდე, წარმატებით მიყვანა“, – განაცხადა გოჩა ჯავახიშვილმა