გოჩა ფიფია - მივმართავ ქართული საბანკო სისტემის ე.წ. დამფუძნებელ მამებს, თქვენ არ გაქვთ უფლება, გონორით ისაუბროთ ბიზნესის თავისუფლებაზე
საქართველო ბიზნესის კეთების თავისუფლებით, უკანასკნელი შვიდი-რვა წლის განმავლობაში, გამორჩეულია, – ამის შესახებ ბიზნესმენმა, კომპანია „ზეარისის“ ხელმძღვანელმა, გოჩა ფიფიამ განაცხადა.
ფიფია იმ ბიზნესმენების განცხადებებში, რომლებიც არსებული ხელისუფლების პირობებში ზეწოლაზე საუბრობენ, „ნაციონალურ მოძრაობის“ ინტერესებს ხედავს.
„რა პროცესები და შეტევაც მიმდინარეობს, რა თქმა უნდა, შეხმატკბილებული მოქმედებაა ნაცისტურ, ე.წ. ნაციონალურ მოძრაობასთან“, – განაცხადა ბიზნესმენმა.
გოჩა ფიფია ქართული საბანკო სისტემის წარმომადგენლებს მიმართავს და აცხადებს, რომ მათ ხმა არ ამოუღიათ მაშინ, როცა ბიზნესმენებზე ზეწოლა სასტიკი მეთოდებით ხორციელდებოდა.
„პირველ რიგში, მოგმართავთ თქვენ, ქართული საბანკო სისტემის ე.წ. დამფუძნებელ მამებს, თქვენ არ გაქვთ არანაირი უფლება, გონორით ისაუბროთ ბიზნესის თავისუფლებაზე, რადგანაც არ მახსოვს თქვენი ხმა მაშინ, როცა ბიზნესისა და ბიზნესმენების მკვლელობების პროცესები მიმდინარეობდა, როცა ბიზნესმენებს კლავდნენ, როცა ბიზნესმენები თავს იკლავდნენ, როცა ბიზნესმენებს სასტიკი გზებით ბიზნესებს ართმევდნენ, ხომ არ თანამონაწილეობდით თქვენც ამ პროცესებშიც? რაც შეგეხებათ თქვენ, ბატონო „ფადი ასლებო“, რა თქმა უნდა, შეგნებულად მრავლობითში, თქვენ ტიპური წარმომადგენლები ხართ იმ ნაცისტური, ე.წ. ნაციონალური მოძრაობის, რომელმაც თავის დროზე, გასაქანი მისცა თქვენნაირ ფსევდობიზნესმენებს, რომელთაც მოახერხეს, მექრთამეობითა და სიყალბით მიაღწიეს სიმაღლეებს, საიდანაც დღეს გვესაუბრებით. ჩვენ, ქართველი ბიზნესმენები ასეთი იერიშის შანსს არ მოგცემთ და გაფრთხილებთ ნაციზმთან და ე.წ. ნაციონალურ მოძრაობასთან ბრძოლაში მნიშვნელობა არ აქვს, ვინ გადაგვეღობება წინ, უგუნური მოყვარე თუ გონიერი მტერი“, – აცხადებს გოჩა ფიფია.
ამასთან, ბიზნესმენმა „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის დროს საკუთარი ბიზნესის წინააღმდეგ განხორციელებულ ქმედებებსა და ზეწოლაზე ისაუბრა.
„მე ვარ გამორჩეული მსხვერპლი, ნომერ პირველი, ფორმალურადაც და არაფორმალურადაც მსხვერპლი. გაგახსენებთ კომპანია „უშბას“, რომელზეც შეტევა მაშინ განხორციელდა, როცა ჯერ კიდევ არ იყო შექმნილი, ფინანსური პოლიციის შესახებ დებულებაც კი არ იყო მიღებული, ასეთ პერიოდში დაგვესხა თავს ფინანსური პოლიცია. არაფერს ვამბობ დახვრეტების ინსცენირებაზე და ა.შ. რა თქმა უნდა, ჩვენ ვართ მსხვერპლი წინა ხელისუფლების ზეწოლის“, – განაცხადა გოჩა ფიფიამ.
მისი თქმით, დღეს ბიზნესი თავისუფალია და თუ მოქმედი ხელისუფლება ამ გზიდან გადაუხვევს, პირველი იქნება, ვინც აღნიშნულის წინააღმდეგ ხმას აიმაღლებს.
„დღევანელი ხელისუფლების გასაგონად ხაზს გავუსვამ, რომ ფაქტია, ერთადერთი, რაც დღეს ჩვენ გვაქვს, ეს თავისუფლებაა. თუ ამ გზიდან გადახვევა იქნება, ბუნებრივია, ერთ-ერთი პირველი ვიქნები, რომელიც ხმას ამოიღებს“, – განაცხადა კომპანია „ზეარისის“ ხელმძღვანელმა, გოჩა ფიფიამ.