გოჩა ცოფურაშვილი - „ჩვენი გაერთიანებული საქართველო“ არის მომავლის პარტია, გონიერი და პროფესიონალი ადამიანების შეკრება, სადაც მიდის ფიქრი, რათა ყველაფერი იყოს ორინეტირებული მოსახლეობაზე
გოჩა ცოფურაშვილი - „ჩვენი გაერთიანებული საქართველო“ არის მომავლის პარტია, გონიერი და პროფესიონალი ადამიანების შეკრება, სადაც მიდის ფიქრი, რათა ყველაფერი იყოს ორინეტირებული მოსახლეობაზე

ხაზგასმით ვამბობ, რომ ალბათ პარტია არ ითანამშრომლებს მხოლოდ და მხოლოდ მკვეთრად ლიბერალურ ჯგუფებთან, – ამის შესახებ პარტია „ჩვენი გაერთიანებული საქართველოს“ საარჩევნო პროგრამის ავტორმა, გოჩა ცოფურაშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „არჩევნები 2024“ სტუმრობისას განაცხადა.

„ვისთან ვითანამშრომლებთ, ამას გადაწყვეტს პოლიტიკური გუნდი, რომელიც პარლამენტში შევა. მე ძირითადად, ხაზგასმით, მაინც ეკონომიკურ თემატიკაზე და მოდელებზე ვმუშაობ. ჩემთვის, ერთი მხრივ, მიუღებელია ჯგუფები, რომლებიც გამოკვეთილად ლიბერალურ ხაზს ატარებენ და დღეს საუბრობენ, რომ ამდენი მილიარდი იქიდან მოვა, ამდენი მილიარდი კი – აქედან. ზოგადად, ეკონომიკის მოცულობის გაზრდა უნდათ და არა ის, რომ სექტორულად სწორად განვვითარდეთ, რეგიონები განვავითაროთ. საქართველოში გვაქვს უმძიმესი დემოგრაფია, რაც უკვე სერიოზულად გვირტყამს. ჩვენ რომ გვეგონა, პრობლემები 15-20 წლის შემდეგ იქნებოდა, უკვე ვგრძნობთ ამას. დასაქმების ნაწილში, იმპორტჩანაცვლების ნაწილში ჩვენი მიდგომები გამოკვეთილად განსხვავებულია, თუმცა რა პოლიტიკურ ადგილს დაიკავებს პარტია და როგორ შეაფასებენ, ამას მომავალი გვაჩვენებს. ხაზგასმით ვამბობ, რომ ალბათ პარტია არ ითანამშრომლებს მხოლოდ და მხოლოდ მკვეთრად ლიბერალურ ჯგუფებთან“, – განაცხადა ცოფურაშვილმა.

ამ განცხადებით გოჩა ცოფურაშვილმა გადაცემის წამყვანის შეკითხვას უპასუხა, ვისთან ითნამშრომლებს და ვისთან თანამშრომლობას გამრიცხავს კოალიციური მთავრობის დაკომპლექტების პირობებში პარტია „ჩვენი გაერთიანებული საქართველო“.

მისი თქმით, პარტია „ჩვენი გაერთიანებული საქართველო“, რომლის საარჩევნო ნომერია 12, არის მომავლის პარტია, გონიერი და პროფესიონალი ადამიანების შეკრება, სადაც მიდის ფიქრი, რათა ყველაფერი იყოს ორინეტირებული მოსახლეობაზე, ადამიანებზე, ხალხზე.