გობელენისა და მხატვრული ტექსტილის მუზეუმში გამოფენა „არტ-სამოსი“ გაიხსნა
გობელენისა და მხატვრული ტექსტილის მუზეუმში გამოფენა „არტ-სამოსი“ გაიხსნა. სამხატვრო აკადემიის სტუდენტებმა და კურსდამთავრებულებმა უკრაინელი დიზაინერის, ვლადიმერ უმანენკოს კოსტიუმები მოხატეს.
პროექტის თემატიკის მიხედვით, მხატვრებმა სამოსზე ცნობილი ქართველი მსახიობები, მწერლები, პოეტები და საზოგადო მოღვაწეები დახატეს.
ქართულ-უკრაინულ პროექტში 30-მდე მხატვარი ჩაერთო. გამოფენა მალე საქართველოს სხვა ქალაქებშიც გადაინაცვლებს.
„უკრაინელმა დიზაინერმა ვლადიმერ უმანენკომ თავისი კოსტიუმები, ქართველ მხატვრებს მოსახატად, უსასყიდლოდ გადმოსცა. ნამუშევრებზე ცნობილი ქართველი საზოგადო მოღვაწეები არიან წარმოდგენილი და ვფიქრობ, რომ ამ პროექტით, მათი ცნობადობა ახალგაზრდებში კიდევ უფრო გაიზრდება. გარდა ამისა, სტუდენტებისთვის უკრაინელ ხელოვანებთან ერთად მუშაობა საინტერესო გამოცდილება იყო”, – განუცხადა პირველ არხს გობელენისა და მხატვრული ტექსტილის მუზეუმის კურატორმა ნიკა ნუცუბიძემ.
უკრაინელი დიზაინერისა და ქართველი მხატვრების ერთობლივი პროექტის ნახვის საშუალება დამთვალიერებელს ერთი კვირის განმავლობაში ექნება.