გმირთა მოედნიდან სანაპიროსკენ ჩამავალ ავტოსატრანსპორტო კვანძზე მდებარე ბენზინგასამართ სადგურებს სხვა ადგილზე გადაიტანენ
გადაწყვეტილება იქნა მიღებული, რომ გმირთა მოედნიდან სანაპიროს მიმართულებით ჩამსვლელ ავტოსატრანსპორტო კვანძზე მდებარე ბენზინგასამართი სადგურები ავიღოთ. შეთანხმება მიღწეულია, მოხდება ადგილმონაცვლეობა, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.
კალაძემ ბენზინგასამართი სადგურების მფლობელებს თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა.
„მნიშვნელოვანი საკითხი, რომელიც მინდა, საზოგადოებას გავაცნო, ეხება გმირთა მოედნიდან სანაპიროს მიმართულებით ჩამავალ ავტოსატრანსპორტო კვანძს, რომელიც ერთ-ერთი პრობლემური ადგილია დედაქალაქში. კონკრეტულად ეს არის „ლაგუნას“ მიმდებარე ტერიტორია. ამ პროექტთან დაკავშირებით გასულ წელსაც ვმუშაობდით, დავამუშავეთ სხვადასხვა სქემა, გაკეთებული გვქონდა ვიდეომოდელირებაც, როგორ შეიძლებოდა მოწესრიგება, აღნიშნული კვანძი როგორ ყოფილიყო გამართული, ბევრი მიმართულებით მიმდინარეობდა განხილვა. საუბარი იყო შუქნიშნის დამონტაჟებაზე და ასე შემდეგ, თუმცა პრობლემა ვერ გვარდებოდა ისე, როგორც საჭირო იყო. აღნიშნული საკითხის შესწავლამ კიდევ უფრო ცხადყო, რომ საჭიროა ბენზინგასამართი სადგურების აღება და დამატებითი ზოლის მოწყობა. პროექტზე რამდენიმე წლის წინაც ვმუშაობდით, თუმცა ბენზინგასამართი სადგურების მფლობელებთან ადგილმონაცვლეობაზე მოლაპარაკებები ვერ მოხერხდა. შემდეგ ამას დაემატა პანდემიის პერიოდი და აღნიშნული პროექტი დროებით შეჩერებული იყო. სატრანსპორტო ნაკადების მატებასთან ერთად, კიდევ უფრო აქტუალური გახდა აღნიშნული სატრანსპორტო კვანძის გარკვეული სახის მოდერნიზება, კონკრეტული გადაწყვეტილებების მოძებნა, თუ რა უნდა გაკეთდეს, რათა გადაადგილება გამართულად, თავისუფლად იყოს შესაძლებელი კონკრეტულ არეალში. ამიტომ ბოლო პერიოდში აქტიურად ვიმუშავეთ ამ საკითხზე და დღეს მთავრობის სხდომაზე გამოვიტანთ საკითხს ბენზინგასამართი სადგურების ადგილმონაცვლეობასთან დაკავშირებით. ვიმსჯელებთ აღნიშნულ საკითხზე და საკრებულოს გადავუგზავნით. გვინდა მონაცვლეობის გაკეთება.
დედაქალაქში, სხვადასხვა არეალში გამოვყოფთ მიწის ნაკვეთებს, რათა მესაკუთრეებმა ბენზინგასამართი სადგურების გადატანა შეძლონ. უახლოეს პერიოდში გაიგზავნება ეს საკითხი გადაწყვეტილების მისაღებად საკრებულოში და მონაცვლეობის შემდეგ დავიწყებთ ბენზინგასამართი სადგურების დემონტაჟს, პროექტის განხორციელებას. ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტო უკვე აქტიურად მუშაობს სატრანსპორტო კვანძის პროექტზე, რომელსაც ცოტა მოგვიანებით, როდესაც პროექტი მზად იქნება, გავაცნობთ თბილისის მოსახლეობას. ყველა დამეთანხმება, რომ აღნიშნული კვანძი დღეს ავტომობილების იმ რაოდენობას, რომელიც არის თბილისში და კონკრეტულად ამ არეალში, ვერ უზრუნველყოფს, იყოს გამტარუნარიანი. შესაბამისად, გადაწყვეტილება იქნა მიღებული, რომ იქ არსებული ბენზინგასამართი სადგურები ავიღოთ. მინდა, მფლობელებს მადლობა ვუთხრა თანამშრომლობისთვის, შეთანხმება მიღწეულია, მოხდება ადგილმონაცვლეობა, განხორციელდება აღნიშნული ბენზინგასამართი სადგურების დემონტაჟი და, შესაბამისად, განხორციელდება კონკრეტული პროექტი, რომელიც უზრუნველყოფს ნაკადების გატარებას“, – განაცხადა კახა კალაძემ.