თბილისში, გმირთა მოედანზე საქართველოს ეროვნული გმირის, ჟიული შარტავას ბიუსტი გაიხსნა. ამის შესახებ ინფორმაციას დედაქალაქის მერია ავრცელებს.
თბილისის მერიის ინფორმაციით, ჟიული შარტავას ბიუსტი დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა და საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა გახსნეს და არქიტექტურულ-მხატვრული კომპოზიცია გვირგვინით შეამკეს.
გარდა ამისა, სოხუმის დაცემის დღეს, ირაკლი ღარიბაშვილმა და კახა კალაძემ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში დაღუპულ გმირთა ხსოვნას პატივი მიაგეს.
„27 სექტემბერი ჩვენი უახლესი ისტორიის ერთ-ერთი ყველაზე ტრაგიკული თარიღია, რომლის უკან უამრავი ადამიანის სიცოცხლე, დევნილად ქცეული ოჯახები და ოკუპირებული ტერიტორია დგას. საქართველოს ისტორია გმირების ისტორიაა. სამშობლოსთვის თავგანწირვის, ქვეყნის დამოუკიდებლობისთვის ბრძოლის მაგალითები ბევრი გვაქვს. ერთ-ერთი მათგანია ჟიული შარტავა. დღეს გვქონდა პატივი, გაგვეხსნა საქართველოს ეროვნული გმირის, პოლიტიკური და სახელმწიფო მოღვაწის, ჟიული შარტავას ბიუსტი. 27 სექტემბერს, სოხუმის დაცემის დღეს, ჟიული შარტავა დახვრიტეს. კაცი, რომელმაც იბრძოლა ბოლომდე, არ დატოვა სოხუმი. მოკლეს, მაგრამ ვერ გააქრეს მისი სახელი. მჯერა, მოვა დრო და მისი სახელი სოხუმშიც დაიმკვიდრებს საპატიო ადგილს. ქედს ვიხრი ქვეყნის ერთიანობისთვის ბრძოლაში დაღუპულ გმირთა ხსოვნის წინაშე“, – განაცხადა კახა კალაძემ.
ჟიული შარტავას ბიუსტის ავტორი ავთანდილ მჭედლიშვილია. არქიტექტურულ-მხატვრული კომპოზიციის ესკიზის შესაქმნელად კონკურსი თბილისის მერიამ გამოაცხადა. მასში მონაწილეობა შეეძლო, როგორც საქართველოს, ისე უცხო ქვეყნის მოქალაქე ცალკეულ ავტორს ან ავტორთა ჯგუფს.
გამარჯვებული „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში არქიტექტურულ-მხატვრული კომპოზიციის ესკიზისა და ხარჯთაღრიცხვის დოკუმენტაციის საუკეთესო წინადადების შესარჩევად შექმნილმა საკონკურსო კომისიამ“ გამოავლინა.