გმირთა მოედანზე საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. აქციის მონაწილეებმა გზა გადაკეტეს.
მანამდე შსს-ს წარმომადგენელმა აქციის მონაწილეები გააფრთხილა, რომ არ გადაეკეტათ გზის სავალი ნაწილი, თუ არ იქნებოდა ამის საჭიროება ხალხის რაოდენობიდან გამომდინარე.
„ზოგადად, გზის გადაკეტვა არის დარღვევა. ამ კონკრეტულ ლოკაციაზე თუ არ დაეტევა ხალხის რაოდენობა, კი ბატონო, ოღონდ ჩვენთან შეთანხმებით. ამ შემთხვევაში ეს რაოდენობა არ ხართ. ჩვენ გაფრთხილებთ, გზა არ დაიკეტოს, თუ ამის საჭიროება არ იქნება, თორემ ვიმოქმედებთ კანონის შესაბამისად. იგივეა მსვლელობის შემთხვევაში. თუ იქნება ის რაოდენობა, რომ ვერ დაეტევით ტროტუარზე, კი ბატონო, მაგრამ თუ ტროტუარზე თავისუფლად გადაადგილება შესაძლებელი იქნება, მაშინ გზაზე არ უნდა გადმოხვიდეთ“, – განაცხადა შსს-ს წარმომადგენელმა.
ამასთან 19:00 საათისთვის პარლამენტთან დაანონსებულია აქცია პოლიტიკური პარტიების, „ნაციონალური მოძრაობის“, „სტრატეგია აღმაშენებლის“, „ლელოს“, პარტია „ახლის“, „დროას“, „გირჩი – მეტი თავისუფლების“ ორგანიზებით.