გლოვის დღესთან დაკავშირებით, მთავრობის ადმინისტრაციის შენობაზე სახელმწიფო დროშა დაეშვა
გლოვის დღესთან დაკავშირებით, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის შენობაზე სახელმწიფო დროშა დაეშვა.
საქართველოს მთავრობის განკარგულებით, რომელსაც ხელს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი აწერს, 2021 წლის 8 ოქტომბერს, ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე საცხოვრებელი კორპუსის ნგრევის შედეგად დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად, 11 ოქტომბერი საქართველოში გლოვის დღედ გამოცხადდა.
განკარგულების თანახმად, 12 ოქტომბრის 00:00 საათამდე სახელმწიფო დროშები დაშვებულია საქართველოს მთელ ტერიტორიაზე.
ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე 8 ოქტომბერს, დაახლოებით 12:00 საათზე საცხოვრებელი კორპუსის ნაწილი ჩამოინგრა. დაიღუპა ცხრა და დაშავდა ერთი ადამიანი. შსს-მ კორპუსის ნგრევის ფაქტზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში სამი პირი დააკავა.