გლობალური ტერორიზმის 2017 წლის ინდექსში საქართველო 163 ქვეყანას შორის 77-ე ადგილზეა
გლობალური ტერორიზმის 2017 წლის ინდექსში საქართველო 163 ქვეყანას შორის 77-ე ადგილზეა.
ანგარიში “ეკონომიკისა და მშვიდობის ინსტიტუტმა” მოამზადა. დოკუმენტში შეფასებულია ტერორიზმის კუთხით 163 ქვეყენაში არსებული სიტუაცია.
საქართველოს ანგარიშში 77-ე ადგილზე მოხვდა. მაქსიმალური ათი ქულიდან 2.114 ქულა აქვს მინიჭებული. გასულ წელთან შედარებით, საქართველოს რეიტინგი შეცვლილია 0.857 ქულით. შარშან ამავე რეიტინგში საქართველო 87-ე ადგილზე იყო.
საქართველო ასევე ნახსენებია იმ ქვეყნების სიაში, სადაც ტერორისტულ დაჯგუფება “ისლამურ სახელმწიფოს“ წევრი ან მასთან აფილირებული პირები იმყოფებიან.
პირველ ადგილზე ინდექსში არის ერაყი, მას მოსდევს ავღანეთი, ნიგერია, სირია და პაკისტანი. ანგარიშში აღნიშნულია, რომ 2016 წელს მსოფლიოს 77 ქვეყანაში ტერაქტების შედეგად 25 ათასზე მეტი ადამიანი დაიღუპა. თავდასხმების უმეტესობაზე პასუხისმგებლობა “ისლამურმა სახელმწიფომ” აიღო.
რაც შეეხებათ საქართველოს მეზობელ ქვეყნებს, თურქეთი მეცხრე ადგილზეა, რუსეთი რეიტინგში 33-ე პოზიციას იკავებს, სომხეთი – 75-ეს, ხოლო აზერბაიჯანი – 95-ეს. პოსტსაბჭოთა ქვეყნებს შორის ყველაზე ცუდი მდგომაროება უკრაინაშია, ის ინდექსში 17-ე ადგილს იკავებს.
ანგარიშის მიხედვით, ევროპას 2016 წელი ტერაქტების კუთხით ბებერი კონტინენტისთვის რეკორდული აღმოჩნდა. სულ დაფიქსირდა 630 თავდასხმა, რომელთაც 826 ადამიანი ემსხვერპლა. ევროპის ქვეყნებს შორის ყველაზე ცუდი მდგომარეობაა საფრანგეთში, დიდი ბრიტანეთში, გერმანიასა და ბელგიაში. აშშ გლობალური ტერორიზმის რეიტინგში 32-ე ადგილს იკავებს.
„ეკონომიკა და მშვიდობის ინსტიტუტი“ 2007 წელს დაფუძნდა. მას ოფისები სიდნეიში, ნიუ იორკში და მეხიკოშიც აქვს. ინსტიტუტი ანალიტიკური ცენტრებს შორის ერთ-ერთ ყველაზე ეფექტურ ორგანიზაციად ითვლება.