გლობალური კონფერენციის ფარგლებში ჩატარდა სესია სახელწოდებით „ქართული დიასპორა და მეცნიერება საზღვრებს გარეთ“
გლობალური კონფერენციის – The Global Conference for Diaspora Networks in Science ფარგლებში, ჩატარდა სესია სახელწოდებით „ქართული დიასპორა და მეცნიერება საზღვრებს გარეთ“. კონფერენციის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.
უწყების ცნობით, სესიის მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ვლადიმერ კონსტანტინიდიმ. მან მიმოიხილა საზღვარგარეთ მცხოვრები თანამემამულეების მიმართ სახელმწიფო პოლიტიკა და ის პროგრამები, რომლებიც ქართული დიასპორის ქვეყნის განვითარების პროცესში ჩართულობას უწყობს ხელს.
ვლადიმერ კონსტანტინიდიმ ხაზგასმით აღნიშნა პარტნიორ საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობით განხორციელებული და დაგეგმილი პროექტები, რომლებიც სწორედ მაღალკვალიფიციურ დიასპორასთან ორმხრივად სარგებლიანი ურთიერთობის განვითარებისკენაა მიმართული.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სესიის მონაწილეებს სიტყვით მიმართა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ, ქალბატონმა ნუნუ მიცკევიჩმა. მან ხაზი გაუსვა კვლევისა და ინოვაციების ინტერნაციონალიზაციის მიმართულებით საქართველოს სახელმწიფოს მიერ ბოლო პერიოდში გადადგმულ ნაბიჯებს, დამსწრე საზოგადოებას გააცნო ევროკავშირის პროგრამა Horizon Europe-თან ასოცირების სიკეთეები და, მის ფარგლებში, საზღვარგარეთ მოღვაწე ქართველი მეცნიერების ჩართულობის და ერთობლივ კვლევით პროექტებზე მუშაობის შესაძლებლობები.
ქართული დიასპორისა და მეცნიერების შესახებ თემატური სესიის მონაწილეებს შესაძლებლობა ჰქონდათ, მოესმინათ შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის, ევროკავშირის მეცნიერებისა და დიპლომატიის ალიანსის, მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (IOM) წარმომადგენლებისთვის. სესიაზე ქართული მეცნიერების საერთაშორისო ასპარეზზე წარდგენისა და განვითარების შესახებ პრეზენტაცია წარადგინა გერმანიაში მცხოვრებმა ქართველმა მეცნიერმა, ფრანკფურტის გოეთეს სახელობის უნივერსიტეტის პროფესორმა მანანა თანდაშვილმა.
გლობალური კონფერენცია მეცნიერებაში დიასპორული ქსელების შესახებ არის მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (IOM) მხარდაჭერით ჩატარებული გლობალური დიასპორული სამიტის (Global Diaspora Summit 2022, ქ. დუბლინი) შემდგომი კიდევ ერთი ღონისძიება.