საქართველოს ეროვნული ბანკის ორგანიზებით, „გლობალური ფულის კვირეული“ საქართველოში უკვე მეექვსედ აღინიშნა.
ბანკის ინფორმაციით, წლევანდელი „გლობალური ფულის კვირეული“ ეროვნული ბანკის 100 წლის იუბილეს მიეძღვნა.
„გლობალური ფულის კვირეული“ მსოფლიოს 160-ზე მეტ ქვეყანაში ყოველწლიურად, მარტში აღინიშნება და მისი მთავარი მიზანია, ხელი შეუწყოს ბავშვებსა და ახალგაზრდებში ფინანსური, ეკონომიკური და სამეწარმეო ცნობიერების ამაღლებას. 2019 წლის კვირეულის გზავნილია: „ისწავლე. დაზოგე. გამოიმუშავე”.
კვირეულის ფარგლებში, ეროვნულმა ბანკმა განათლების სამინისტროს ჩართულობით სკოლის მოსწავლეებისთვის ქართული ფულის თემაზე შემოქმედებითი კონკურსი ჩაატარა, სახელწოდებით „საქართველოს ეროვნული ბანკი 100“. კონკურსში საქართველოს 9 რეგიონის სკოლის მოსწავლეები ჩაერთნენ. კონკურსის ფარგლებში, მოსწავლეებს 100 ლარის ნომინალის ბანკნოტის ან მონეტის საკუთარი, ორიგინალური დიზაინით შექმნა ევალებოდათ. 20 გამარჯვებულ ნორჩ ხელოვანს ეროვნულმა ბანკმა ყვარლის ფულის მუზეუმში, საგანმანათლებლო-გასართობ ექსკურსიაზე უმასპინძლა. ფულის მუზეუმში გამარჯვებულმა ბავშვებმა საკუთარი ნამუშევრების შესახებ ისაუბრეს. ასევე მოისმინეს ინტერაქტიული ლექცია ეროვნული ბანკისა და ქართული ფულის ისტორიის შესახებ.
კონკურსის გამარჯვებულებმა ეროვნული ბანკისგან სპეციალური სერტიფიკატები და სამახსოვრო საჩუქრები მიიღეს.