გლობალურ ანტიკორუფციულ საკითხებში სახელმწიფო დეპარტამენტის კოორდინატორი საქართველოს ეწვევა
გლობალურ ანტიკორუფციულ საკითხებში სახელმწიფო დეპარტამენტის კოორდინატორი საქართველოს ეწვევა

გლობალურ ანტიკორუფციულ საკითხებში ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის კოორდინატორი რიჩარდ ნეფიუ საქართველოს ეწვევა. ამის შესახებ ინფორმაციას სახელმწიფო დეპარტამენტი ავრცელებს.

მათივე ცნობით, დაგეგმილია ნეფიუს ვიზიტი სომხეთშიც.

„გლობალურ ანტიკორუფციულ საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის კოორდინატორი რიჩარდ ნეფიუ 15-18 იანვარს სომხეთსა და საქართველოში გაემგზავრება. ორივე ქვეყანაში ის განიხილავს კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის მიმდინარე ძალისხმევასა და გამოწვევებს, ასევე განსაზღვრავს შემდგომი თანამშრომლობის სფეროებს.

სომხეთში კოორდინატორი ნეფიუ შეხვდება ხელისუფლების წარმომადგენლებს, მათ შორის იუსტიციის სექტორისა და სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლებს და მონაწილეობას მიიღებს სამოქალაქო საზოგადოების მრგვალ მაგიდაში.

საქართველოში ის შეხვდება ხელისუფლების წარმომადგენლებს, ანტიკორუფციული ინსტიტუტების, საგამოძიებო ორგანოებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს“, – აღნიშნულია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ინფორმაციაში.