Global Finance-მა კობა გვენეტაძე 2018 წლის საუკეთესო ცენტრალურ ბანკირებს შორის დაასახელა
მსოფლიოს წამყვანმა ფინანსურმა გამოცემამ, Global Finance-მა საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე 2018 წლის ცენტრალური ბანკების საუკეთესო მმართველთა შორის დაასახელა.
საერთაშორისო ავტორიტეტული გამოცემა – Global Finance – ყოველწლიურად, მსოფლიოს მასშტაბით, ცენტრალური ბანკების მმართველთა შეფასებას ატარებს და წლიურ ანგარიშსაც (Central Banker Report Cards) აქვეყნებს, სადაც საუკეთესო ცენტრალურ ბანკირებს ავლენს.
საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, Global Finance-ის მიერ დაჯილდოება ფართოდ არის აღიარებული საერთაშორისო ფინანსურ საზოგადოებაში და დაჯილდოებული პირებისა და ბანკების მაღალ რეპუტაციასა და წარმატებულ საქმიანობაზე მიუთითებს. ბანკირების შეფასება ძირითადად მონეტარული და სავალუტო პოლიტიკის მიმართულებით მიღწეულ წარმატებებს, მათ შორის, ინფლაციის კონტროლს, საპროცენტო განაკვეთების მართვასა და ეკონომიკური ზრდის ხელშეწყობას ეფუძნება.
„Global Finance-მა საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი თავის შეფასებაში წელს პირველად ჩართო და ამ კრიტერიუმების მიხედვით, ის A- შეფასებით ცენტრალური ბანკის მმართველების იმ ელიტურ კლუბში მოხვდა, რომელთაც A და A- შეფასება მიიღეს. 13 ოქტომბერს, ინდონეზიაში, საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის წლიური შეხვედრების ფარგლებში სწორედ ამ 18 საუკეთესო ცენტრალური ბანკის მმართველის დაჯილდოების ღონისძიება გაიმართება, სადაც მონაწილეობის მისაღებად საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კობა გვენეტაძეც არის მიწვეული“, – აღნიშნულია ეროვნული ბანკის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
2018 წლის Central Banker Report Cards-ში 90 ცენტრალური ბანკირი შეფასდა (85 ქვეყნის და 5 რეგიონალური ცენტრალური ბანკის მმართველები) და მისი სრული ვერსია ოქტომბერში გამოქვეყნდება.