გლდანში „ორი ნაბიჯის” გაქურდვისა და მარკეტში ხანძრის გაჩენის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს ქალაქ თბილისის პოლიციის დეპარტამენტის გლდანი-ნაძალადევის სამმართველოს თანამშრომლებმა გლდანში „ორი ნაბიჯის“ გაქურდვისა და მარკეტში ხანძრის გაჩენის ფაქტზე ერთი პირი: 1993 წელს დაბადებული მ.მ. დააკავეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დანაშაული სამიდან ხუთ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
„გამოძიებით დადგინდა, რომ მ.მ-მ 23 მაისს, დაახლოებით 05:00 სთ-ზე გლდანში მარკეტში „ორი ნაბიჯი“ ფარულად შეაღწია და სხვადასხვა დასახელების პროდუქტი და ალკოჰოლური სასმელები მოიპარა, რის შემდეგაც დანაშაულის კვალის წაშლის მიზნით აღნიშნულ მარკეტს ცეცხლი წაუკიდა.
პოლიციამ მ.მ. დანაშაულის ჩადენიდან რამდენიმე საათში, ცხელ კვალზე თბილისში დააკავა, ხოლო ნაქურდალი პროდუქტი ნივთმტკიცების სახით ამოიღო. დაკავებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს.
ქურდობისა და ცეცხლის წაკიდებით ნივთის დაზიანების ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით მიმდინარეობს“, – აღნიშნულია შსს-ს განცხადებაში.